ლევან ჟორჟოლიანი – კლიმატის ცვლილება ახალ გამოწვევებს უქმნის როგორც საზოგადოებებს, ისე ეკონომიკებს, სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობა აუმჯობესებს ინსტიტუციური კოორდინაციის მექანიზმებს
კლიმატის ცვლილება სულ უფრო მეტად ზემოქმედებს ჩვენს ეკოსისტემებსა და ინფრასტრუქტურაზე და ახალ გამოწვევებს უქმნის როგორც საზოგადოებებს, ისე ეკონომიკებს, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა ღონისძიებაზე – კლიმატის მწვანე ფონდის რეგიონული დიალოგი – სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ქვეყნის ეროვნული გარემოებები განსხვავებულია, მრავალი რისკი, რომლის წინაშეც ვდგავართ, საერთოა და პრაქტიკულ, კოორდინირებულ რეაგირებას მოითხოვს.
„საქართველოში ეს საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული ქვეყნის გეოგრაფიულ და კლიმატურ თავისებურებებთან. მთიანი რელიეფისა და მრავალფეროვანი კლიმატური ზონების გამო საქართველოს დიდ რისკებს უქმნის წყალდიდობები, მეწყრები, ღვარცოფები და სხვა ბუნებრივი საფრთხეები. სწორედ ამიტომ ადრეული გაფრთხილებისა და კატასტროფების რისკის მართვის ეროვნული სისტემის გაძლიერება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება, რაც მკაფიოდ არის ასახული ქვეყნის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტებში. ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევის კიდევ უფრო გასაძლიერებლად მიმდინარე წლის მარტში საქართველოს მთავრობამ შექმნა სპეციალური საკოორდინაციო მექანიზმი – უწყებათაშორისი საბჭო. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ სტრატეგიულ მნიშვნელობას, რომელსაც მთავრობა ამ საკითხს ანიჭებს და უზრუნველყოფს მაღალი დონის კოორდინაციასა და ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების ეფექტიან ჩართულობას. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებას. გვჯერა, რომ გაუმჯობესებული მონიტორინგი, უფრო ზუსტი პროგნოზირება და დროული გაფრთხილება გადამწყვეტია რისკების ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად და კატასტროფის დადგომამდე ეფექტიანი რეაგირებისთვის. ამ კონტექსტში განსაკუთრებით ვაფასებთ მწვანე კლიმატის ფონდთან ჩვენს მრავალწლიან პარტნიორობას, რომელმაც უკვე მოიტანა მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგები. შეიქმნა მონიტორინგის 150 ახალი სადგური, მეწყერსაშიშ 11 ლოკაციაზე დამონტაჟდა გეოლოგიური მონიტორინგის აღჭურვილობა, ხოლო საქართველოს 11 მდინარის აუზისთვის შეიქმნა რისკების შესახებ საინფორმაციო სისტემა. ამავდროულად კარგად გვესმის, რომ საერთაშორისო მხარდაჭერას მაქსიმალურ შედეგი მხოლოდ მაშინ მოაქვს, როდესაც მას ახლავს მტკიცე ეროვნული ძალისხმევა. სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს და თანმიმდევრულად აუმჯობესებს მონიტორინგის ინფრასტრუქტურას, პროგნოზირების შესაძლებლობებსა და ინსტიტუციური კოორდინაციის მექანიზმებს“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.