ლევან ჟორჟოლიანი - 26 მაისის კონცეფცია წელს ეფუძნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილეს, ფიცის დადება გაიმართება უძველეს ეკლესია-მონასტრებთან
საქართველოს მთავრობის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება, დამოუკიდებლობის დღის კონცეფცია წელს ეფუძნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილეს, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართება თბილისსა და საქართველოს 12 რეგიონში, უძველეს ეკლესია-მონასტრებთან.
„გაიმართება წვევამდელების მიერ ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია, თბილისთან ერთად, 12 რეგიონში, უძველეს ეკლესია-მონასტრებთან, რაც უპრეცედენტო მასშტაბია. მნიშვნელოვანია, რომ გაიმართება გალაკონცერტები დღის ბოლოს, ასევე გვექნება სპორტული, კულტურული, საბავშვო პროგრამები და 17:10 საათზე ტრადიციულად შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი“, – აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.