ლევან დავითაშვილმა სუს-ის შენობა დატოვა

19:32, 17.02.2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, სუს-ის შენობა დატოვა.

გამოკითხვის შემდეგ ლევან დავითაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ განვიხილეთ საქართველოს გაზის მომარაგების საკითხი. ალბათ იცით, რომ საქართველო, რამდენიმე წელიწადია, ძალიან აქტიურ როლს ასრულებს ევროპის გაზით მომარაგების საკითხში. კერძოდ, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში. ამაში ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ერთად. ვფიქრობ, ძალიან დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მივეცი და, შესაბამისად, ამას, რა თქმა უნდა, დასჭირდა დრო. ძალიან ლოგიკური კითხვები იყო. იყო კითხვები, ამ კუთხით ჩვენი აქტიური მონაწილეობა რამდენად შეიძლება, მომარაგების მხრივ ქმნიდეს გარკვეულ რისკებს ან არ ქმნიდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან ლოგიკური იყო, რომ ყველა ეს საკითხი ამომწურავად განგვეხილა. ეს არის ძირითადი საკითხი, რაც ჩვენ განვიხილეთ. ასევე, განვიხილეთ, მომავალში საქართველოში როგორ მოხდეს სტაბილურად გაზმომარაგება. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებები, რომლებსაც გარკვეული ვადები აქვს. გარკვეული ხელშეკრულებები ჩვენ გრძელვადიანად გარანტირებული გვაქვს, გარკვეული ხელშეკრულებების გაგრძელება და გადახედვაა საჭირო და ეს საკითხებიც განვიხილეთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მანამდე, სუს-ში აღნიშნეს, რომ ლევან დავითაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით იკითხებოდა.

მსგავსი