ლევან დავითაშვილმა ხელი მოაწერა დეკლარაციას ინტერნეტის მომავალის თაობაზე
ლევან დავითაშვილმა ხელი მოაწერა დეკლარაციას ინტერნეტის მომავალის თაობაზე

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ონლაინფორმატში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის მასპინძლობით გამართულ მინისტერიალში, რომლის მსვლელობისას მან, საქართველოს სახელით, აშშ-ის, ავსტრალიის, კანადის, ევროკომისიის, იაპონიისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებთან ერთად, ხელი მოაწერა დეკლარაციას ინტერნეტის მომავალის თაობაზე (Declaration for the Future of the Internet, DFI). ხელმოწერა აშშ-ში, თეთრ სახლში, ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა.

„დეკლარაციის მიზანია დემოკრატიული სისტემების მხარდაჭერა და თითოეული მოქალაქის აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა დემოკრატიულ პროცესებში, პიროვნების კონფიდენციალურობის დაცვის უზრუნველყოფა, უსაფრთხო და საიმედო კავშირის შენარჩუნება, ადამიანის უფლებებისა დაცვა და ონლაინ/ციფრულ ეკოსისტემაში მისი პატივისცემა, თავისუფალი და კონკურენტუნარიანი გლობალური ეკონომიკის უზრუნველყოფა და ა.შ.

დეკლარაციის მხარდამჭერი პარტნიორები თანამშრომლობენ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ინდუსტრიასთან და სხვა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან დეკლარაციაში ჩამოყალიბებული პრინციპების განხორციელების მიზნით. ისინი ასევე მხარს უჭერენ და ხელს უწყობენ შემდეგი ძირითადი პრინციპების დაცვას: ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებები, გლობალურ ინტერნეტზე წვდომა, ინკლუზიური და ხელმისაწვდომი წვდომა ინტერნეტზე, ნდობა ციფრულ ეკოსისტემაში, ინტერნეტის მრავალმხრივი მმართველობა“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.