ლევან დავითაშვილი - ვაზიანის აეროპორტი განვითარდება შეუფერხებლად, ვაზიანის განვითარება ახალი იმპულსია ავიაციის, საავიაციო პოლიტიკის, ტურიზმისა და ურბანული განვითარების კუთხითაც
ვაზიანის აეროპორტი განვითარდება შეუფერხებლად, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
დავითაშვილის თქმით, ეს არის უალტერნატივო პროექტი, რომელიც გეგმაზომიერად ვითარდება.
„ბევრი ვიმსჯელეთ ამ პროექტზე და ბევრი შედარებითი ანალიზი გაკეთდა. ვაზიანის განვითარება არის ცალსახად ახალი იმპულსი მთლიანად ავიაციის, საავიაციო პოლიტიკის, ტურიზმის და ურბანული განვითარების კუთხითაც. მათ შორის, უნდა მივიღოთ ტრანსპორტის და ლოგისტიკის ძალიან კომპლექსური ბაზა და ახალი ინფრასტრუქტურა.
ვაზიანი უალტერნატივო პროექტია, რომელიც გეგმაზომიერად ვითარდება. იცით, რომ ჩვენ გვყავს IDB, ძირითადი საერთაშორისო პარტნიორი, რომელიც ექსპერტიზაში გვეხმარება. ჩვენ გადავედით უფრო დეტალურ კვლევებსა და შესწავლაზე, პარალელურად, დასრულდა სანავიგაციო კვლევები, რამაც საშუალება მოგვცა, სწორად დავგეგმოთ ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და ა.შ. ბევრი ტექნიკური დეტალია, რომელიც საზოგადოებისთვის ამ ეტაპზე ნაკლებად საინტერესოა. ეს პროექტი ხორციელდება აეროპორტების გაერთიანების მიერ გეგმაზომიერად. ბიუჯეტში შესაბამისი თანხები არის და დღეს კონკრეტული ალოკაცია რაც გვაქვს, ამის ფარგლებში ვახორციელებთ სამუშაოებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.