ლევან დავითაშვილი - თბილისი არის ის მიუკერძოებელი პლატფორმა, ადგილი, სადაც ქვეყნებს შეუძლიათ, ერთმანეთს შეხვდნენ, ისაუბრონ მშვიდობაზე, განვითარებაზე, აბრეშუმის გზის ფორუმიც ამის ნაწილია
ლევან დავითაშვილი - თბილისი არის ის მიუკერძოებელი პლატფორმა, ადგილი, სადაც ქვეყნებს შეუძლიათ, ერთმანეთს შეხვდნენ, ისაუბრონ მშვიდობაზე, განვითარებაზე, აბრეშუმის გზის ფორუმიც ამის ნაწილია

ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ თბილისი არის ის ნეიტრალური, მიუკერძოებელი პლატფორმა, ადგილი, სადაც ქვეყნებს შეუძლიათ, ერთმანეთს შეხვდნენ, ისაუბრონ მშვიდობაზე, თანამშრომლობასა და განვითარებაზე. „აბრეშუმის გზის ფორუმიც“ ამის ნაწილია, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ფორუმში სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, დავითაშვილის თქმით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობას მიიღებენ ბალკანეთის წარმომადგენლები და ევროინტეგრაციის გზაზე თანამშრომლობა, გამოცდილების ურთიერთგაზიარება ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს არის შეხვედრის ადგილი, სადაც ჩვენი ორი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, მეზობელი ქვეყნების ხელმძღვანელი პირები ჩამოდიან და ხვდებიან, მონაწილეობენ ფორუმში, რაც, ვფიქრობ, კიდევ ერთხელ დამადასტურებელია ჩვენი როლის და იმ პოზიციის, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას უკავია, მეგობრული პოზიცია მეზობელ ქვეყნებთან მიმართებით და ჩვენი ინტერესია, რომ ხელი შევუწყოთ სამშვიდობო პროცესს სამხრეთ კავკასიაში, ასევე, ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ კავშირებს, ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს ასევე ბალკანეთის წარმომადგენლები და იცით, რომ დღეს გავდივართ ევროპული ინტეგრაციის საინტერესო გზას, როდესაც ბალკანეთის და საქართველოს, ასევე ასოცირებული ტრიოს ქვეყნები ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოების პროცესში იმყოფებიან. ჩვენ ერთიანი დღის წესრიგი გვაქვს ევროპაში სრულუფლებიანი, სრულყოფილი წევრობის და ამ მხრივ თანამშრომლობა, გამოცდილების ურთიერთგაზიარება ასევე ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

26-27 ოქტომბერს საქართველო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ უმასპინძლებს. ფორუმი წელს მეოთხედ იმართება.