ლევან დავითაშვილი - შეფერხება არ იქნება არც ერთ სამომხმარებლო პროდუქტზე, გვესმის, რომ უკრაინა ვერ იქნება მომწოდებელი, მაგრამ უკრაინის ალტერნატივა რეგიონში ძალიან ბევრია
ლევან დავითაშვილი - შეფერხება არ იქნება არც ერთ სამომხმარებლო პროდუქტზე, გვესმის, რომ უკრაინა ვერ იქნება მომწოდებელი, მაგრამ უკრაინის ალტერნატივა რეგიონში ძალიან ბევრია

შეფერხება არ იქნება არც ერთ სამომხმარებლო პროდუქტზე, გვესმის, რომ უკრაინა ვერ იქნება მომწოდებელი, მაგრამ უკრაინის ალტერნატივა რეგიონში ძალიან ბევრია, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში არც ერთი პროდუქტის იმპორტი პრობლემას არ წარმოადგენს.

„პრობლემები, რაც გამოიწვია ომმა, ეს არის ძირითადად ფასების ზრდა მიწოდების პრობლემებიდან გამომდინარე და გლობალურად ინფლაციას ამან შეუწყო ხელი, ანუ პანდემია გაგრძელდა ომით და ეს არის სამწუხარო.

რაც შეეხება ფიზიკურ წვდომას პროდუქტებზე, ამის არანაირი პრობლემა არ არსებობს. არც ერთი პროდუქტის მიმართულებით საქართველოში არც დეფიციტია და არც მოიაზრება, რომ რომელიმე პროდუქტის შეფერხებით მიწოდება მოხდეს. ანუ შეფერხება არ იქნება არც ერთ სამომხმარებლო პროდუქტზე. არც ერთი პროდუქტის იმპორტი საქართველოში პრობლემას არ წარმოადგენს. გვესმის, რომ უკრაინა ვერ იქნება დღეს აქტიური მომწოდებელი, მაგრამ უკრაინის ალტერნატივა რეგიონში არის ძალიან ბევრი“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

ამასთან, რაც შეეხება ხორბლის იმპორტს, დავითაშვილის თქმით, ხორბალთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არის.

„ხორბალი და ფქვილი საქართველოში შემოდის, ასე რომ, აქაც შეგვიძლია, ძალიან წყნარად ვიყოთ. ძირითადი ბაზრიდან საიდანაც შემოდიოდა, ისევ იქიდან შემოდის, ეს იყო რუსეთი ჩვენს შემთხვევაში, მაგრამ ამას დაემატა ყაზახეთი. გეოგრაფიიდან გამომდინარე, გვესმის, რომ რეგიონში ამ ორ ბაზარს აქვს კონკურენტული უპირატესობა ფასის კუთხით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.