ლევან დავითაშვილი - საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობა მეგობრული და ნაყოფიერი ურთიერთობის ნათელი მაგალითია
ლევან დავითაშვილი - საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობა მეგობრული და ნაყოფიერი ურთიერთობის ნათელი მაგალითია

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორი ქვეყნის დარგობრივი უწყებების მხარდაჭერით ჩამოყალიბებული „ქართულ-გერმანული ბიზნესდიალოგის“ ფარგლებში, საქართველოსა და გერმანიას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით პირველი თემატური ონლაინშეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი ჰანს იოაჰიმ ფუხტელი, გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია, საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში, ორი ქვეყნის ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელი პირები და დარგობრივი ეკონომიკური ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის​ სამინისტროს ინფორმაციით, ვებინარზე, რომელშიც წარმოდგენილი იყო 100-მდე მონაწილე, გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს სოფლის მეურნეობის სფეროში ქვეყნებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას და გერმანულ ბაზარზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობებს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის. საქართველოსა და გერმანიის რესპუბლიკის თანამშრომლობა მეგობრული და ნაყოფიერი ურთიერთობის ნათელი მაგალითია. საქართველოში გერმანული ბიზნესი წარმატებულია, რაც შესაძლოა, დამატებითი სტიმული გახდეს ახალი ინვესტიციების მოსაზიდად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით“ (DCFTA) ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების დიდი პოტენციალი გააჩნია. მოხარული ვიქნები, თუ მოგვეცემა თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა საირიგაციო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის, სურსათის უსაფრთხოებისა და კონტროლის და ფერმერთა განათლების ამაღლების უზრუნველყოფის მიმართულებით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დიალოგის ფარგლებში მინისტრმა ისაუბრა ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციის, მათ შორის, ღვინის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობებზე ასევე, „იმერეთის აგროზონა“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის ინოვაციურობის საკითხზე და ინვესტორებს პროექტით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

სოფლის მეურნეობის თემატიკაზე გამართულ ქართულ-გერმანულ ონლაინ ბიზნესდიალოგის ფორმატში საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორიამ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა.

საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, საქართველო გერმანიისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ელჩმა გამოსვლისას აგრობიზნესის სფეროში ინვესტირებისა და პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.