ლევან დავითაშვილი - საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს ფართო რეგიონის, ევროპის და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის
ლევან დავითაშვილი - საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს ფართო რეგიონის, ევროპის და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის

ჩვენი პროგნოზი საქართველოს ეკონომიკის სწრაფი, სტაბილური ზრდა-განვითარების შესახებ ყოველთვიურად მართლდება და ახლა უკვე 2023 წლის სტატისტიკური მონაცემებით არის გამყარებული, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველომ არა მხოლოდ შეძლო პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური გამოწვევების გამკლავება, არამედ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს ფართო რეგიონის, ევროპის და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის.

ლევან დავითაშვილმა დეპუტატებს მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო.

2021 – 2022 წლებში დაფიქსირებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდგომ, მაღალი ზრდის დინამიკა 2023 წელსაც გაგრძელდა – გასულ წელს ეკონომიკურმა ზრდამ 7% შეადგინა. ამასთან, მისი პროგნოზით, 2024 და მომდევნო წლებში ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება და ერთ სულ მოსახლეზე მშპ 2024 წლისთვის 23100 ლარს, 8500 აშშ. დოლარს გადააჭარბებს. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ასევე 2023 წლის აპრილიდან ინფლაციის დონე მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება – გასული წლის საშუალო წლიურმა ინფლაციამ 2.5% შეადგინა, ბოლო 8 თვის განმავლობაში კი 1 პროცენტზე ნაკლებს შეადგენს.

„2023 წელს საქონლის ექსპორტი 9.1 პროცენტით გაიზარდა და რეკორდული 6.1 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 17.3%-ით გაიზარდა (608.7 მლნ. აშშ. დოლარით) და ასევე რეკორდულ მოცულობას – 4.1 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა. ამასთან, 2023 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით გადააჭარბა. მდგრად დონეზე ნარჩუნდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა და საქართველოს მშპ-თან მიმართებით აქვს რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით,  გასულ წელს უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, ეს ტენდენცია 2023 წლის სამივე კვარტალში გაგრძელდა და კვარტალურ ჭრილში უმუშევრობის მინიმალური დონე დაფიქსირდა (III კვარტალი – 15.6%). წინასწარი შეფასებით, 2023 წელს დაფიქსირდება უმუშევრობის მინიმალური დონე, ასევე რეკორდული იქნება დასაქმების დონეც.

ამასთან, მინისტრობის კანდიდატი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი ორიენტირი იქნება სიღარიბის შემცირება, დასაქმების ხელშეწყობა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება.

„ეს გულისხმობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, სტრუქტურული რეფორმების გატარებას, საექსპორტო პოტენციალის გაფართოებასა და ვაჭრობის ხარისხობრივ გაუმჯობესებას. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაზე, ეკონომიკური გამოწვევების თანმიმდევრულ დაძლევასა და არსებული შესაძლებლობების ეფექტიანი გამოყენებაზე, რაც გულისხმობს: ენერგოუსაფრთხოების ხელშეწყობას, ქვეყნის ეკონომიკური ფუნქციების დივერსიფიკაციას და ევროკავშირთან დაკავშირებადობის გაუმჯობესებას. გაძლიერდება და თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავა ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა.

ლევან დავითაშვილის სიტყვით გამოსვლას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.