ლევან დავითაშვილი - საქართველომ პანდემიის პირობებში მევენახეობის სექტორისთვის უპრეცედენტო დახმარების პაკეტი გამოყო, კონკრეტულად ერთი პარტიის რამდენიმე აქტივისტის გამოსვლა მოსახლეობის საყოველთაო აზრი არ არის
ლევან დავითაშვილი - საქართველომ პანდემიის პირობებში მევენახეობის სექტორისთვის უპრეცედენტო დახმარების პაკეტი გამოყო, კონკრეტულად ერთი პარტიის რამდენიმე აქტივისტის გამოსვლა მოსახლეობის საყოველთაო აზრი არ არის

საქართველომ „კოვიდის“ პირობებში, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, უპრეცენდენტო დახმარების პაკეტი გამოყო, მათ შორის მევენახეობა-მეღვინეობის სექტორისთვის, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფომ შექმნა ყველა ისტრუმენტი და გარანტია იმისა, რომ ფერმერს მეტი შემოსავალი ჰქონდეს, გარკვეული პოლიტიკური აქტივისტები სპეკულაციებს არ ერიდებიან და აქციას მართავენ.

ამასთან, როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად პანდემიისა და რთული პირობებისა, არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.

„რთველი საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს. აქტიურ ფაზაში შევედით, როდესაც დღე-ღამური გადამუშავება დაახლოებით 10 000 ტონას აღმეტება. ამ დროისთვის კახეთის რეგიონში 60 000 ტონაზე მეტი ყურძენი ინდუსტრიულად არის გადამუშავებული. ყურძნის სიმწიფე ფაქტობრივად, ყველა რეგიონშია. ახლა უნდა დაიწყოს იმ კონკრეტული ადგილწარმოშობის დასახელების ზონებში ყურძნის კრეფა და ჩაბარება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტი. თუმცა ამავე დროს მინდა, გარკვეული პოლიტიკური ძალების ქმედებებს გამოვეხმაურო. რაც აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, პოლიტიკური პოპულიზმია. ეს არის საკმაოდ მდარე პოპულისტური ნაბიჯები, რომელიც მოსახლეობის გრძნობებს ეთამაშება. ყველაფერი მხოლოდ ხელს უშლის პროცესის სწორად და ლოგიკურად წარმართვას. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ფერმერებისა და მოსახლეობის ინტერესებს არანაირად არ პასუხობს, პირიქით, აზიანებს. წინასწარი შეფასებით, მოსავლის 80 პროცენტი იქნებოდა ჩაუბარებელი თუ კერძო სექტორში ფინანსური რესურსი არ იქნებოდა საკმარისი იმისთვის, რომ მათ დღეს ბაზარზე ყურძენი შეეძინათ. იმ ღონისძიებების შედეგად, რომლებიც ჩვენ ჩავატარეთ, შევძელით, კერძო სექტორის მოთხოვნა მნოიშვნელოვანწილად გაზრდილიყო. ამავე დროს, მეორე ისნტრუმენტი, რომელიც პირდაპირ ფასებს უკავშირდება, არის პირდაპირი სუბსდირება რქაწითელისა და კახური მწვანეს ჯიშის ყურძნების, რომელიც დაახლოებით ერთ კგ. ყურძენზე 30 თეთრით განისაზღვრა. ასევე დაისვა პირობა, რომ მინიმუმი ფასი, რომლებსაც კომპანიები გადაიხდიდნენ სუბსიდირების, კომპენსაციის მიღების შემთხვევაში, იქნებოდა 80 თეთრი. ეს ის საფასო ნიშნულია, რომელიც ჩვენი ფერმერების, მევენახე ფერმერების ინტერესების დაცვას პასუხობს. ამ შემთხვვეაში ისინი მოგებით შეძლებენ თავიანთი ნაშრომის რეალიზებას.

სახელმწიფომ შექმნა ყველა ისტრუმენტი და გარანტია იმისა, რომ არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება, და ასევე გამოიყო სახსრები სახელმწიფო კომპანიისთვის, რომ ჭარბი ყურძენი თუ დარჩებოდა, მიუხედავად ყველა ღონისძიებისა კერძო სექტორის მხრიდან, ეს ჩაებარებინა სახელმწიფო კომპანიას. სწორედ იმ პირობებში, როდესაც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში არის გადაწყვეტილება, რომ მოუკრეფავი ყურძენი ვენახებში დატოვონ, რადგან ჭარბი სიმძლავრეები არ არსებობს, არ არსებობს კონკრეტული მოცულობები, ტევადობები, ჩაიწუროს ყურძენი, ბევრ ქვეყანაში ეს არის ვენახებში დატოვებული ყურძენი, საქართველომ „კოვიდის“ პირობებში, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში უპრეცენდენტო დახმარების პაკეტი გამოყო, მათ შორის მევენახეობა-მეღვინეობის სექტორითვის. დღეს ქვქონდა კონკრეტული აქცია, კონკრეტული ოპოზიციური პარტიისა, იყო აბსოლუტურად უპასუხისმგებლო.

როდესაც კონკრეტულად ერთი პარტიის რამდენიმე აქტივისტი გამოვა და რაღაცას იტყვის, ეს არ არის მოსახლეობის საყოველთაო აზრი. გთხოვთ, ჟურნალისტებს – არ ენდოთ არც ჩემს ნათქვამს, არც ოპონენტების სიტყვას, შეხვდით მოსახლეობას და გულწრფელად ჰკითხეთ, რა ჯდება მოსავლის მიღება. ჩემი პირადი სურვილია, რაც შეიძლება მეტად გაიყიდოს ნებისმიერი პროდუქტი და ეს არ ეხება მხოლოდ ყურძენს. ჩემი ინტერესია, რომ ფერმერს მეტი შემოსავალი ჰქონდეს, რადგან თუ კმაყოფილი იქნება ფერმერი, ე.ი. ჩვენ კარგად ვმუშაობთ. ჩვენი საქმე ფაქტობრივად, ამით იზომება, მაგრამ ობიექტური რეალობაც გასათვალისწინებელია. ამ ობიექტურ რეალობაში, საუბარია იმაზე, რომ ეს ფასი, ნამდვილად სრულად ფარავს დანახარჯებს და ფერმერი იღებს მოგებას, თან იმ პირობებში, როდესაც ბევრ სხვა ქვეყანაში, ევროპის ქვეყნებს ვგულისხმობ, რთული ვითარებაა მევენახეობა-მეღვინეობის დარგში. ეს არის თანხა, რომელიც გადასახადის გადამხდელებმა, თბილისელებმა, იგივე თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებმა, გადაიხადეთ ბიუჯეტში და სოლიდარობის პრინციპით გაუნაწილეთ ჩვენს მევენახეებს კახეთში, რათა რთული პერიოდი გადავაგოროთ და ამ რთულ პერიოდში, არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. ინტენსიურად მიმდინარეობს ყურძნის კრეფა. დღეში ათი ათას ტონაზე მეტი ყურძნის ჩაბარება-გადამუშავება ხდება და ეს უპრეცედენტოდ მაღალი ციფრებია ამ პირობებში. ასე რომ, არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი. საბოლოოდ, ჩვენ რთველს დავამთავრებთ წარმატებით და ვნახავთ, რომ ესეც ისეთივე ორგანიზებული და მაღალ დონეზე ჩატარებული რთველი იქნება, როგორიც მანამდე, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.