ლევან დავითაშვილი - საქართველო გმობს საერთაშორისო ნორმების დარღვევით სოხუმის აეროპორტის ოპერირებას, ჩვენს პოზიციას მხარს უჭერს „იკაოც“, რომელთანაც მუდმივი დიალოგი გვაქვს
საქართველო გმობს საერთაშორისო ნორმების დარღვევით სოხუმის აეროპორტის ოპერირებას, ამას მხარს უჭერს „იკაოც“ – სამოქალაქოს ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელთანაც მუდმივი დიალოგი და მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ფრენები ასევე ოკუპაციის კანონს ეწინააღმდეგება.
„სამინისტროს ყოველთვის მკაფიო პოზიცია აქვს, ყოველთვის იყო ჩვენი მხრიდან ღიად დაგმობილი და ამ პოზიციას შევინარჩუნებთ. როდესაც ვერ ხდება საერთაშორისო ნორმების შესაბამისად უსაფრთხოების ნორმების შეფასება, შემოწმება სამოქალაქო ავიაციის ჩვენი სააგენტოს მხრიდან, „იკაოს“ სტანდარტების შესაბამისად, „იკაო“ამას არ აღიარებს. საუბარია რამდენიმე სანქცირებული კომპანიის ოპერირებაზეა, მაგრამ ეს ჩვენს ძალებს აღემატება. ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
კითხვაზე, უსაფრთხოებაზე ვინ იქნება პასუხისმგებელი, ჰქონდათ თუ არა პოზიცია დაფიქსირებული რუსეთის საავიაციო ხელისუფლებასთან, ხომ არ იგეგმება საპასუხო ზომების მიღება რუსული ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში დაფრინავენ, ლევან დავითაშვილმა უპასუხა, რომ საქართველოს პოზიცია ძალიან მკაფიოა და დაფიქსირებულია ყველა დონეზე.
„ამაზე სპეკულაცია საჭირო არ არის. ამას გმობს საქართველოს ხელისუფლებაც და ჩვენი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოც. შეუსაბამობაშია საერთაშორისო კონვენციის წესებთანაც. აეროპორტებში საერთაშორისო ფრენების განხორციელებისთვის უსაფრთხოების ნორმები „იკაოს“ სტანდარტების შესაბამისად უნდა მოწმდებოდეს. პირველ რიგში, მგზავრთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე; მეორე – კომპანიები, რომლებიც არღვევენ ოკუპაციის შესახებ კანონს, საქართველოში ვერ ოპერირებენ. გამოყენებულია ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული სანქცირებული კომპანიები მოახდენენ ოპერირებას, ჩვენ მათზე ვერ გვექნება გავლენის მოხდენის საშუალება – ეს არის ობიექტური გარემოება. ოკუპირებული ტერიტორიაა და ჩვენი მხრიდან არაღიარებული, ასევე არაღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ყოველთვის ღიად ვაფიქსირებთ ამ პოზიციას, რუსული მხარისთვისაც ეს ასევე გასაგებია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.