ლევან დავითაშვილი - საქართველო აშშ-ს ნამდვილ მეგობრად და მნიშვნელოვან სტრატეგიულ მოკავშირედ განიხილავს
ლევან დავითაშვილი - საქართველო აშშ-ს ნამდვილ მეგობრად და მნიშვნელოვან სტრატეგიულ მოკავშირედ განიხილავს

ქართველი ხალხისთვის დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის ის ღირებულებები, რისთვისაც ჩვენ საუკუნეების მანძილზე ვიბრძოდით, ამიტომ ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ ლამაზი სიტყვები, არამედ ეს არის სისხლითა და შრომით მოპოვებული საგანძური, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილი აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა მოგმართოთ დღეს საღამოს და აღვნიშნო ისტორიული და მნიშვნელოვანი დღე თქვენი ერისთვის და მთელი თავისუფლებისმოყვარე სამყაროსთვის – აშშ-ს დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერის 246-ე წლისთავი. ჩვენ გიერთდებით ძირითადი ღირებულებების აღსანიშნავად, რომლებსაც ვიზიარებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

ქართველი ხალხისთვის დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის ის ღირებულებები, რისთვისაც ჩვენ საუკუნეების მანძილზე ვიბრძოდით და ამიტომ ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ ლამაზი სიტყვები, არამედ ეს არის სისხლითა და შრომით მოპოვებული საგანძური.

ანალოგიურად, 1776 წელს დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების შემდეგ, ამერიკელ ხალხს ასევე მოუწია მრავალი სირთულის გადალახვა, რათა საბოლოოდ მიეღოთ ისეთი ძლიერი და წარმატებული სახელმწიფო, რომელიც დღეს არის თავისუფლებისა და დემოკრატიის საუკეთესო მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, აშშ-ის როლი ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში გადამწყვეტი იყო საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებაში, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებაში.

„შეერთებულმა შტატებმა დახმარება გაუწია ჩვენი ჯანდაცვისა და განათლების სისტემის გაძლიერებას. ეს დაგვეხმარა ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მრავალი სხვა სფეროს წინსვლაში, რაც თავის მხრივ ხელს შეგვიწყობს მტკიცედ მივყვეთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.

ჩვენ მადლობელი ვართ შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენმა ერთობლივმა ძალისხმევამ აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი საუკეთესო ჯერ კიდევ წინ გველოდება. ამ მიზნით, საქართველო, როგორც საიმედო და ქმედუნარიანი პარტნიორი, მტკიცედ არის მოწოდებული კიდევ უფრო გააძლიეროს სტრატეგიული და მეგობრული პარტნიორობა ჩვენს ერებს შორის.

სამწუხაროდ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაუმართლებელი ომის ფონზე, კიდევ ერთხელ ცხადი ხდება, რომ პრინციპები და ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ, საჭიროებს მუდმივ დაცვას. საქართველო ყოველთვის ღირსეულად იდგა მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთო ინტერესების დასაცავად. მიმდინარე სიტუაციაც არ არის გამონაკლისი. არც ისე დიდი ხნის წინ, საკუთარ თავზე გვაქს გამოცდილი აგრესია ჩვენი თავისუფლების, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და შესაბამისად, ჩვენ სოლიდარულები ვართ უკრაინისა და ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებს ნამდვილ მეგობრად და მნიშვნელოვან სტრატეგიულ მოკავშირედ განიხილავს.

„ჩვენი პარტნიორობა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიყვანოთ, განსაკუთრებით ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით. მოხარული ვართ, რომ ორმხრივი ვაჭრობა ჩვენ ქვეყნებს შორის ბოლო წლებში განიცდის სტაბილურ ზრდას (2022 წლის 5 თვის სტატისტიკური მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 47,2%-ით) ასევე, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების პირველ ათეულში სავაჭრო ბრუნვის, ექსპორტისა და იმპორტის მიხედვით (სავაჭრო ბრუნვის მიხედვით მე-5 ადგილი; ექსპორტის მიხედვით – მე-7 ადგილი; იმპორტის მიხედვით – მე-5 ადგილი.) 2022 წლის 5 თვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ექსპორტი აშშ-ში გაიზარდა 173%-ით და შეადგინა 142,9 მლნ. აშშ დოლარი, იმპორტი აშშ-დან გაიზარდა 20%-ით და შეადგინა. 292,4 მლნ. აშშ დოლარი.

1997 წლიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება საქართველოში აშშ-დან აღემატება 1,8 მილიარდ აშშ დოლარს და მოიცავს ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორს, მათ შორის ტრანსპორტს, კავშირგაბმულობას, ფინანსებს, წარმოებას, ინფრასტრუქტურას და უძრავ ქონებას.

ცხადია, ამ რიცხვების გაზრდის უზარმაზარი პოტენციალი არსებობს და ამიტომ, ჩვენ დაინტერესებული ვართ ორმხრივი კავშირების გაღრმავებით და ვიწვევთ ამერიკულ კომპანიებს ჩამოვიდნენ საქართველოში და გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რასაც ჩვენ ვთავაზობთ. საქართველო შესანიშნავი დასაყრდენია აშშ-ს ბიზნესისთვის ფართო რეგიონში შესვლისთვის. ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს კარიბჭეს და სავაჭრო ცენტრს სხვადასხვა ბაზრებზე თავისუფალი წვდომისთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო განვითარდება და გაძლიერდება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

დატოვე კომენტარი