ლევან დავითაშვილი - საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა გავლენას ვერ მოახდენს ვერც კომპანიების შერჩევის და ვერც ანაკლიის პროექტის განხორციელების პროცესზე
ლევან დავითაშვილი - საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა გავლენას ვერ მოახდენს ვერც კომპანიების შერჩევის და ვერც ანაკლიის პროექტის განხორციელების პროცესზე

საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა გავლენას ვერ მოახდენს ვერც კომპანიების შერჩევის და ვერც ანაკლიის პროექტის განხორციელების პროცესზე, – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

ლევან დავითაშვილის თქმით, პროექტი ყველა შემთხვევაში განხორციელდება იმ მოცემულობით, რის შესახებაც მთავრობამ განაცხადა.

„ამ ეტაპზე კონკრეტული მოლოდინის თქმა შეუძლებელია, როგორი იქნება საარბიტრაჟო დავის შედეგები. დარწმუნებული ვართ, საქართველოს მთავრობას მყარი პოზიციები აქვს, რომელიც შესაბამისი არგუმენტებითა და მტკიცებულებებით არის გამყარებული, რათა არბიტრაჟი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდეს და ქვეყანას განუხორციელებელი პროექტისთვის თანხის გადახდა არ მოუწიოს. ეს არის ცალკე იურიდიული პროცესი, რომელიც გავლენას ვერ მოახდენს ვერც კომპანიების შერჩევის და ვერც განხორციელების პროცესზე. ეს არის საქართველოს სახელმწიფოსთან დავა და პროექტი ყველა შემთხვევაში განხორციელდება იმ მოცემულობით, რაც მთავრობამ განაცხადა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და მისი ინვესტორის მხრიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ ორი საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესი მიმდინარეობს. დავების ფარგლებში მოთხოვნილი კომპენსაციის ოდენობა 1.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს.