ლევან დავითაშვილი - რეგიონის მიმართ მაღალი რისკების მიუხედავად, საქართველო ინვესტორებისთვის კვლავ მიმზიდველ საინვესტიციო პარტნიორ ქვეყნად რჩება
ლევან დავითაშვილი - რეგიონის მიმართ მაღალი რისკების მიუხედავად, საქართველო ინვესტორებისთვის კვლავ მიმზიდველ საინვესტიციო პარტნიორ ქვეყნად რჩება

გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რეგიონში შექმნილი გაურკვევლობის მიუხედავად, რომელიც ეკონომიკაზე აისახება, საქართველოში ვინარჩუნებთ, ერთი მხრივ, სიმშვიდეს და მეორე მხრივ, მაღალ ნდობას ბიზნესის მხრიდან ჩვენი ეკონომიკის მიმართ. ამის დასტურია 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემები, რომლის მიხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული ზრდა ფიქსირდება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ოთხჯერ მეტია წინა პერიოდთან შედარებით და მისი ოდენობა 435.7 მლნ. აშშ. დოლარით არის გაზრდილი, რაც რეკორდულ მაჩვენებელს – 568.2 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს.

„ეს მიუთითებს, რომ რეგიონის მიმართ გაჩენილი მაღალი რისკების მიუხედავად, საქართველო ინვესტორებისთვის კვლავ რჩება მიმზიდველ საინვესტიციო პარტნიორ ქვეყნად“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განსაკუთრებით მაღალი ზრდა არის ევროკავშირიდან, აშშ-დან, თურქეთიდან, ჩინეთიდან და ნიდერლანდებიდან. დავითაშვილის თქმით, ეს ქვეყნები საქართველოს მთავარი ინვესტორები არიან.

დატოვე კომენტარი