ლევან დავითაშვილი - ქვეყნის სასურსათო მარაგებს საფრთხე არ ემუქრება
ლევან დავითაშვილი - ქვეყნის სასურსათო მარაგებს საფრთხე არ ემუქრება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ფქვილის იმპორტის რეკორდული ზრდის მიუხედავად, ხორბლის მარაგი დადგენილი საერთაშორისო ნორმის ფარგლებშია.

ლევან დავითაშვილის თქმით, ქვეყანას ამ ეტაპისთვის ორი თვის სამყოფი მარაგი აქვს.

„სასურსათო მარაგებს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ მონიტორინგს ყველაზე კრიტიკული სასურსათო მარაგების. ამ შემთხვევაში საუბარია ძირითადად ხორბალზე. ჩვენ მუდმივად გვაქვს ქვეყანაში ხორბლის ორთვიანი მარაგი. ეს არის საერთაშორისო რეკომენდაცია რომელიც „ფაოს“ მიერ არის შემუშავებული. მაგალითისთვის, წინა თვეშიც შემოვიდა 30 000 ტონაზე მეტი ხორბალი, ასე რომ, ქვეყანაში სასურსათო მარაგებს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ცნობისთვის, საქსტატის ინფორმაციით, ოქტომბერში ქვეყანამ 35 790 ტონა ხორბალი შეიძინა, რაც ჯამში 10.802 მილიონი დოლარის ღირებულების იყო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოცულობა დიდად შემცირებული არ არის, თუმცა 2020 წელს 38 972 ტონა ხორბლის ღირებულება 7.967 მილიონი დოლარი იყო.

დატოვე კომენტარი