ლევან დავითაშვილი - პოლიტიკური ძალების მხრიდან ორგანიზებულია ანტიჩინური კამპანია, მცდელობაა, ეგრეთ წოდებული ჩინური ფობია დაამკვიდრონ საზოგადოებაში, ამ დამაზიანებელ პროცესს არ უნდა ავყვეთ
ლევან დავითაშვილი - პოლიტიკური ძალების მხრიდან ორგანიზებულია ანტიჩინური კამპანია, მცდელობაა, ეგრეთ წოდებული ჩინური ფობია დაამკვიდრონ საზოგადოებაში, ამ დამაზიანებელ პროცესს არ უნდა ავყვეთ

პოლიტიკური ძალების მხრიდან ორგანიზებულია ანტიჩინური კამპანია. არის მცდელობა, ეგრეთ წოდებული ჩინური ფობია დაამკვიდრონ საზოგადოებაში, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ხელს არ უწყობს საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებს.

„ჩინეთთან დაკავშირებით ბევრი ვისაუბრე პარლამენტში გამოსვლისას, როდესაც ინტერპელაციის რეჟიმში ანაკლიის პორტის განვითარებაზე ვსაუბრობდით. სამწუხაროდ, მორიგ ჯერზე დავინახეთ პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესი, რაც უფრო მეტად არის მცდელობა, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში უსაფუძვლო, ხშირ შემთხვევაში, არაკომპეტენტური ინფორმაციის გავრცელებით, გარკვეული, ეგრეთ წოდებული ჩინური ფობია დაამკვიდრონ საზოგადოებაში. სამწუხაროდ, პოლიტიკური ძალების მხრიდან ორგანიზებულია ანტიჩინური კამპანია, რაც ძალიან ცუდია. ეს ხელს არ უწყობს ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომლის მთავარი მიზანია საქართველოს ეკონომიკური გაძლიერება.

ხაზგასმით მინდა, ვთქვა, რომ ჩინეთი დღეს არის რიგით მეორე ეკონომიკა მსოფლიოში. ეს არის გლობალური ეკონომიკური ძალა. ყველაზე წამყვანი ეკონომიკები ჩინეთთან თანამშრომლობენ და ჩინეთთან თანამშრომლობაში ხედავენ, მათ შორის, ეკონომიკურ წარმატებას. საქართველოსთვისაც ძალიან საინტერესო შესაძლებლობები ჩნდება, რომ მეტი იყოს აქტიურობა ჩინეთთან. ჩვენ ჩინეთთან კარგი და წარმატებული ეკონომიკური თანამშრომლობის ისტორია, პრაქტიკა გვაქვს. იცით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს ჩინეთთან. საუბარია იმაზე, რომ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებით მეტი ეკონომიკური სარგებელი მიიღოს ქვეყანამ ახალ დონეზე. ჩინეთისთვის პირველი და მეორე სავაჭრო პარტნიორები არიან ევროკავშირი და აშშ. ესენია ჩვენი ორი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი. ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობაც და ევროკავშირში ინტეგრაციაც. ამ შემთხვევაშიც, როდესაც ევროკავშირი ყურადღებით, სიფრთხილით, მაგრამ წარმატებით ახორციელებს ეკონომიკურ პროექტებს ჩინეთთან, ჩვენც ზუსტად ასევე, პასუხისმგებლობით, გამჭრიახად უნდა მოვახდინოთ ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზება. უსაფუძვლო, რაღაც პოლიტიკურად გამიზნულ, ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელ პროცესს არ უნდა ავყვეთ, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ეფუძნება არაკომპეტენტურობას, ასევე, ქვეყნის დამაზიანებელ მიზნებს. გავაგრძელებთ თანმიმდევრულ პოლიტიკას, მათ შორის, ჩინეთთან და სხვა ყველა სავაჭრო პარტნიორთან.

წელს ჩვენ მნიშვნელოვანი ინიციატივები გვაქვს, რათა ეკონომიკური ურთიერთობა კონკრეტულ შედეგებში გადაიზარდოს. ეს ეხება ტურიზმს და პირდაპირ ფრენებს, მეტ სავაჭრო ურთიერთობას. ვიმუშავებთ საინვესტიციო პროექტებზე, აქაც ძალიან დიდია შესაძლებლობები, თუმცა ბევრი მუშაობა სჭირდება იმას, რომ კონკრეტული შედეგები მივიღოთ. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ როდესაც ჩინეთის ასეთი დემონიზება ხდება, იგივე ევროკავშირი, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში არიან. შესაბამისად, საქართველოს ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა აბსოლუტურად ლოგიკურია და ჩვენს დასავლურ ასპირაციას არანაირად არ ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.