ლევან დავითაშვილი - მოსავლის შეუფერხებლად აღებისა და დაბინავების მიზნით, ყველა შესაბამისი სამსახური აქტიურად მუშაობს  
ლევან დავითაშვილი - მოსავლის შეუფერხებლად აღებისა და დაბინავების მიზნით, ყველა შესაბამისი სამსახური აქტიურად მუშაობს  

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხორბლის აღების პროცესს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში თავთავიანი კულტურის, მათ შორის, ხორბლის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია. რეგიონში 67 ათას ჰექტრამდე ნათეს ფართობზე, წინასწარი მონაცემებით, 230 ათას ტონა ხორბალს ელოდებიან. 19 ათას ჰექტარზეა დათესილი ქერი, რომლის საპროგნოზო მოსავალი 58 ათასი ტონას შეადგენს.

სამინისტროს ცნობით, მოსავლის აღების პროცესში აქტიურად არის ჩართული შპს ,,მექანიზატორის“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. კახეთის რეგიონში მობილიზებულია 103 ერთეული მარცვლეულის ამღები კომბაინი, აქედან, დედოფლისწყაროს სერვისცენტრში 49, ხოლო გურჯაანის სერვისცენტრში – 54 ერთეული. მოსავლის აღების პროცესში ჩართულია ბელარუსული წარმოების 30 ერთეული ახალი კომბაინიც, რომლებიც შპს „მექანიზატორმა“ 2018 წელს შეიძინა.

„მიუხედავად რთული კლიმატური პირობებისა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში საჰექტრო მოსავლიანობა კარგია. ყველა შესაბამისი სამსახური აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ მოსავლის აღება და დაბინავება შეუფერხებლად მოხდეს. სწორედ ამიტომ, შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალებებისთვის კომპონენტს დაემატა ორი ახალი ქვეკომპონენტი: შეღავათიანი აგროკრედიტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის და შეღავათიანი აგროლიზინგი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის. დიდია ფერმერების ინტერესი ტექნიკის შეძენაზე და, ვფიქრობ, რამდენიმე წელიწადში მარცვლოვანი კულტურების სექტორის განვითარებას, შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყოფის კუთხით, მნიშვნელოვნად გავაუმჯობესებთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში შპს „მექანიზატორს“ უკვე აღებული აქვს 11 ათას ჰექტარზე დათესილი თავთავიანი კულტურის მოსავალი.

 

დატოვე კომენტარი