ლევან დავითაშვილი - მეღვინეობის სექტორში რთული სიტუაცია ყველა ქვეყანაშია შექმნილი, მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს ზრდა და წელს ველოდებით ექსპორტის მონაცემების გაუმჯობესებას
ლევან დავითაშვილი - მეღვინეობის სექტორში რთული სიტუაცია ყველა ქვეყანაშია შექმნილი, მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს ზრდა და წელს ველოდებით ექსპორტის მონაცემების გაუმჯობესებას

წელს ველოდებით საკმაოდ კარგი ხარისხის მოსავალს და მათ შორის, რაოდენობაშიც არის ზრდა, როგორც ყოველი წლის განმავლობაში. თქვენ ახსენეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაშენებული ვენახები, მაგრამ ვენახების გაშენების ტენდენცია გრძელდება და ალბათ კვლავაც გაგრძელდება, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, მეღვინეობის სექტორში რთული სიტუაცია ყველა ქვეყანაშია შექმნილი.

„გვესმის რა, რომ პანდემიამ შემოიტანა გაურკვევლობები, შარშან და მიმდინარე წელსაც, პანდემიის შედეგები არ დასრულებულა. გარკვეული დისბალანსი ნედლეულსა და მოთხოვნას შორის, კერძო კომპანიების მხრიდან, მაინც არსებობს. არა მხოლოდ საქართველოში, მინდა განვმარტო, ასეთი რთული სიტუაცია მეღვინეობის სექტორში, შექმნილია ყველა ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს ზრდა და წელს ველოდებით ექსპორტის მონაცემების გაუმჯობესებას, თუმცა ეს არ არის საკმარისი, იმიტომ, რომ ჩვენი ზრდის მოლოდინი კიდევ უფრო მეტი იყო. თუ ჩვენ ვგეგმავდით დაახლოებით 15-20%-იან ზრდას, ჩვენი ზრდა არის დაახლოებით 7-8%-ის ფარგლებში, რაც საკმარისი არ არის და შესაბამისად, სახელმწიფოს უწევს ინტერვენცია, ერთი მხრივ, დააბალანსოს ფასები, იმისთვის, რომ ჩვენი ფერმერების შრომის ანაზღაურება იყოს ადეკვატური, მიახლოებული ადეკვატურობასთან, მათ არ განიცადონ ზარალი და შევინარჩუნოთ მოტივაცია მევენახეების, რათა განაგრძონ თავისი საქმიანობა მომავალ წლებშიც. როგორც აღნიშნეთ, ჩვენ ველოდებით დაახლოებით 300 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავებას ინდუსტრიულად. ეს იქნება ალბათ მაქსიმუმი, რაც ჩვენ დამოუკიდებლობის პირობებში გვქონდა, ეს იქნება მორიგი რეკორდი, მაგრამ იმის გათვლით, რომ მომავალ წლებში უნდა გავზარდოთ ექსპორტი და ჩვენს 10-წლიან გეგმაში წარმოვადგინეთ, რომ ექსპორტი უნდა გავასამმაგოთ შემდგომი 10 წლის პირობებში, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება სანედლეულო ბაზრის ზრდა და შესაბამისად, ვენახების გაშენებისა და ახალი წარმოებების შექმნის ტენდენცია ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენი პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებაა, ალბათ, რომ ჩავერიოთ, დავაბალანსოთ, ასევე „კოვიდის“ შედეგები შევუმსუბუქოთ როგორც მევენახე ფერმერებს, ასევე ღვინის საწარმოებს, რათა დარგის სტაბილური განვითარება შევინარჩუნოთ მომავალი წლებისთვის“, – განაცხადა დავითაშვილმა.