ლევან დავითაშვილი - მარცვლეული კულტურების წარმოების განვითარება მრავალწლიანი პროცესია და ჩვენი მხრიდან შემდეგი ეტაპებიც თანმიმდევრული იქნება
ლევან დავითაშვილი - მარცვლეული კულტურების წარმოების განვითარება მრავალწლიანი პროცესია და ჩვენი მხრიდან შემდეგი ეტაპებიც თანმიმდევრული იქნება

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოში ხორბლის მარაგების არსებობასთან ერთად, ქვეყანაში მარცვლეული კულტურების წარმოების განვითარებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა შეიქმნა, ასევე დაიწყო ჯიშების გამოცდა.

„შევქმენით ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო საფუძველი იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობის ეს მიმართულება განვითარებულიყო, პირველ რიგში, შემოვიღეთ ევროპის მსგავსი სისტემა, რომელიც გულისხმობს სპეციალურად ხორბლისა და სხვა მარცვლეული კულტურების სათესლე მასალის სერტიფიცირებას. ეს არის პირველი საკანონმდებლო საფუძველი, რომელსაც უნდა მოყვეს შესაბამისი ღონისძიებები. ამ კუთხით 2013 წლიდან ქვეყანაში დაიწყო ჯიშთა გამოცდა, რომელიც ათწლეულები აღარ მიმდინარეობდა ანუ კონკრეტული მარცვლეული კულტურების სხვადასხვა ჯიშის გამოცდა, შესაბამისი კატალოგის ჩამოყალიბება ქვეყანაში, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რათ ა ვიცოდეთ, როგორია ხარისხიანი სათესლე მასალა საქართველოს პირობებში გამოსაყენებელი. ეს არის განმსაზღვრელი ფაქტორი, რომ ჩვენ გვქონდეს მეტი პროდუქტიულობა, რათა გვქონდეს ხორბლისა და სხვა მარცვლეული კულტურების მეტი ადგილობრივი წარმოება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრი განმარტავს, რომ ეს მრავალწლიანი პროცესია და შემდეგი ეტაპებიც თანმიმდევრულად განხორციელდება.

„ეს არის მრავალწლიანი პროცესი დაკვირვების, შესწავლის და მათ შორის კატალოგიზაციის, რომელიც 2019 წლისთვის დასრულდა და შემდეგი ეტაპები ასევე თანმიმდევრული იქნება ჩვენი მხრიდან. ეს  გულისხმობს დამატებით ფინანსური ინსტრუმენტების შექმნას,  რომელიც ქვეყანაში მეტი მარცვლეული კულტურის წარმოების საშუალებას მოგვცემს. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი ფერმერები.  რომლებიც არ მიმართულებით არიან დაკავებული მიიღებენ მეტ შემოსავალს, ისინი არ იქნებიან განწირული სიღარიბისთვის. ჩვენ არ მოვუწოდებთ ყველას, აწარმოოს კონკრეტულად მარცვლოვანი კულტურები და მათ მიიღონ ნაკლები შემოსავალი, ჩვენ მოვუწოდებთ, მიიღონ შესაბამისი ცოდნისა და ექსპერტიზის პირობებში მაღალხარისხიანი სათესლე მასალით, მაღალპროდუქტიული ჯიშებით მეტი პროდუქცია ერთ ჰექტარზე, მიიღონ მეტი შემოსავალი. ეს არის წინაპირობა, რომ საქართველოში იქნება მეტი წარმოება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ეს არ გულისხმობს, რომ საქართველო 100 პროცენტიან თვითუზრუნველყოფას შეძლებს, მაგრამ ეს გულისხმობს, რომ ქვეყანაში მეტი ადგილობრივი წარმოება იქნება.

„ეს უკავშირდება როგორც სასურსათო, ისე ცხოველთა კვების მიმართულებებს. ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი. ეს არ არის ბრიფინგის თემა, მაგრამ მნიშვნელოვანია, გამოვეხმაუროთ  სპეკულაციებს, რომელიც გარკვეული ოპოზიციური ძალების მხრიდან ვრცელდებოდა ამ დღეების განმავლობაში“, – განაცხადა დავითაშვილმა და ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს დილეტანტური და პოპულისტური უწოდა.

ამასთან, მინისტრის თქმით, საქართველოში პურის ფასები შენარჩუნებულია, ასევე ხორბლის მარაგების არსებობაზე ქვეყანაში კითხვის ნიშანი არ დასმულა და მთავრობას აქვს სრული პასუხისმგებლობა აღებული იმაზე, რომ საქართველოს ხორბლით უზრუნველყოფა და მომარაგება შეუფერხებლად განხორციელდეს.

დატოვე კომენტარი