ლევან დავითაშვილი - ხორბლის მიღებისა და მომარაგების მხრივ ჩვენს ქვეყანაში შეფერხება არ იქნება
ლევან დავითაშვილი - ხორბლის მიღებისა და მომარაგების მხრივ ჩვენს ქვეყანაში შეფერხება არ იქნება

დღეს მსოფლიოში ხორბლის დიდი მოსავალია მოსალოდნელი, ამიტომ ხორბლის მიღებისა და მომარაგების კუთხით ჩვენს ქვეყანაში არ იქნება შეფერხება, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „მოამბეში“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანი დაინტერესდა იმ ფონზე, როდესაც ხორბლის ძირითადმა მომწოდებელმა ექსპორტის მხრივ რუსეთმა გარკვეული შეზღუდვები დააწესა, რა ალტერნატიულ ბაზარზებს და გეგმას განიხილავს საქართველოს მთავრობა.

დავითაშვილის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით განხორციელებული ახალი პროგრამის პროგრამის ფარგლებში, საქართველო ხორბლის დამატებით მარაგს მიიღებს.

„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ არსებობს გარკვეული კოტირების რეჟიმი, რომელიც რუსეთში მოქმედებს დღეისათვის. ეს უკავშირდება შავი ზღვის სივრცეს, ამ აუზში კონკრეტულ ქვეყნებს, რომლებიც ძირითადად რუსული ხორბლით მარაგდება, არა მხოლოდ საქართველო, ფაქტობრივად მთელი ეს ქვეყნები არიან რუსული ხორბლის იმპორტიორები. იცით, რომ ბოლო წლებში რუსეთი გახდა ყველაზე დიდი ექსპორტიორი ქვეყანა ხორბლის მთელ მსოფლიოში და ის არის ყველაზე იაფი ამავე დროს ექსპორტიორი მსოფლიოში. შესაბამისად, ჩვენ ბოლო წლებში მივიღეთ სიტუაცია, როდესაც რუსეთიდან შემოდის ძირითადად საქართველოში ხორბალი. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი მომწოდებელი. იყო ყაზახეთიც, მაგრამ მაინც ეს ერთი რეგიონიდან არის საქართველოს მოწოდება.

დავინახეთ, რომ ბოლო წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველომ მიიღო ხორბლის გარკვეული მარაგები, რომ ამ ხორბლის რეალიზაციაში მიღებული თანხები ისევ საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას მოხმარებოდა და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის სამინსიტროს, რომელიც ჩვენი პარტნიორია ამ პროგრამაში. ჩვენ ამ პროგრამის ფარგლებში გვეკუთვნის კიდევ მეორე ლოტი ხორბლის, რომელსაც საქართველო მიიღებს და ეს მნიშვნელოვანი მარაგია იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს დაზღვეული საქართველოში მოწოდების ნაწილი ხორბლის კუთხით. კიდევ ერთხელ დღეს სიუჟეტში აჩვენეთ ჩემი განცხადება, რომელიც ეხებოდა იმავე მარაგებს ხორბლის მარაგებს მსოფლიოში, ხორბლის მარაგები დღეს მსოფლიოში არის უფრო მეტი, ვიდრე გასულ წელს ამ პერიოდში, მაგალითად რუსეთში 22 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მარაგებს და როგორც რუსეთის თვითონ მწარმოებლები და ექსპორტიორები აცხადებენ, მათთვის უპრიანია და მიზანშეწონილია, რომ კოტირების გარეშე შეუზღუდავად მოახდინონ ხორბლის ექსპორტი, რადგან ვიცით, რომ პროგნოზები არის ძალიან საიმედო დღეს მსოფლიოში ხორბლის დიდი მოსავალია მოსალოდნელი, მათ შორის რუსეთში ეს არის რეკორდული მოსავალი, რომელსაც მიიღებს რუსეთი“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, ხორბლის მიღების და მომარაგების კუთხით ჩვენს საქართველოში არ იქნება შეფერხება.

„ერთი – იმიტომ, რომ ჩვენი კრიტიკული მარაგი ყოველთვის დაზღვეული გვაქვს და ამას ვაკონტროლებთ, ჩვენ ჩავერევით იმ შემთვევაში თუ იქნება საჭირო ჩარევა და სახელმწიფო თვითონ შეიძენს ხორბალს და ამის მონიტორინგს ზუსტად ამიტომ ვაკეთებთ, რომ ქვეყანაში არ იყოს წყვეტა. ასევე, გვაქვს სტიმულირების მექანიზმები, მაგალითად ჩვენ ხორბლის იმპორტიორებს შევთავაზეთ გარკვეული საკრედიტო შეღავათიანი დაფინანსება იმისთვის რომ მეტი მარაგი შექმნან, ესეც იმისთვის, რომ ჩვენ არ ვიცით მსოფლიოში როგორ განვითარდება მოვლენები, რამდენად ხანგრძლივი იქნება დავუშვათ ამ ინფექციასთან ბრძოლა, და საქართველო უნდა იყოს რა თქმა უნდა დაზღვეული. ჩვენი სამინისტროს როლი ამ შემთხევაში ზუსტად ეს არის, რომ ჩვენ მათ შორის სასურსათო მარაგებით უნდა ქვეყანა გვქონდეს დაზღვეული“, – განაცხადა დავითაშვილმა.

დატოვე კომენტარი