ლევან დავითაშვილი - ჩვენს მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, ყველანაირი ბარიერის გარეშე იმოგზაურონ ჩინეთში, უვიზო მიმოსვლის დაწესება შემდგომ წლებში ეკონომიკურ შედეგებსაც მოგვიტანს
ლევან დავითაშვილი - ჩვენს მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, ყველანაირი ბარიერის გარეშე იმოგზაურონ ჩინეთში, უვიზო მიმოსვლის დაწესება შემდგომ წლებში ეკონომიკურ შედეგებსაც მოგვიტანს

ჩვენს მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, ყველანაირი ბარიერის გარეშე იმოგზაურონ ჩინეთში,  – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

დავითაშვილის თქმით,  საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესება საქართველო-ჩინეთს შორის კავშირებს შეუწყობს ხელს, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით.

„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ეს არის გაგრძელება თანამშრომლობის, რომელიც გაფორმდა გასულ წელს ჩინეთთან. იცით, რომ პირველი საქართველოს მხარის გადაწყვეტილება იყო, სექტემბერში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, როდესაც გავაუქმეთ მოკლევადიანი ვიზები ჩინელებისთვის. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი, მეგობრული ნაბიჯი, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ეკონომიკურ პროგრესთან ჩვენს ურთიერთობებში. რა თქმა უნდა, ეს აისახება მეტ ტურიზმში. შარშანვე იყო საუბარი, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის 2024 წლიდან ყოფილიყო უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ჩინეთთან და ასეც მოხდა.

ეს გადაწყვეტილება მალე შევა ძალაში, ახლა მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები. შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, ყველანაირი ბარიერის გარეშე იმოგზაურონ ჩინეთში. ბუნებრივია, ეს ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირებს ნამდვილად შეუწყობს ხელს. პირველ რიგში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სავაჭრო ეკონომიკური კუთხით, რადგან ჩინეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. ბევრი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ეკონომიკური ურთიერთობებისთვის ჩინეთში მიემგზავრებოდა, მაგრამ ეს არ იყო მარტივი. ვფიქრობ, უვიზო რეჟიმი ამ პროცესს უფრო ხელს შეუწყობს, გაამარტივებს და საქართველოდანაც მეტი ვიზიტორი იქნება ჩინეთში. ჩინეთის სხვადასხვა ავიაკომპანიასთან მუდმივად ვსაუბრობდით იმაზე, რომ მეტი პირდაპირი ფრენა იყოს ჩინეთისს ხვადასხვა ქალაქს შორის. მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია ტურიზმის სექტორში მნიშვნელოვანი რაოდენობის გენერირება. აქედან გამომდინარე, ამ კუთხითაც გადაწყვეტილება წამახალისებელი იქნება. ვფიქრობ, დინამიკა, რომელიც ჩინეთთან გვაქვს და გასულ წელს დაიწყო ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება, მიმდინარე წელს კიდევ უფრო გააქტიურდება და შემდგომ წლებში პრაქტიკულ ეკონომიკურ შედეგებსაც მოგვიტანს. კულტურული და სხვა ხალხთაშორის ურთიერთობის თვალსაზრისითაც უვიზო მიმოსვლა ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია. დღეების საკითხია, როდესაც ძალაში შევა. რაც შეეხება 30 დღეს, 30 დღე უწყვეტად ერთი შესვლის განმავლობაში და ეს არის იგივე რეჟიმი, როგორიც გვაქვს ჩინეთის მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა.

შეგახსენებთ, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი საქართველოს მხრიდან 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა.

ამასთან, საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში გაფორმდა.