ლევან დავითაშვილი - ჩემმა პირველმა მოადგილემ პირადი გადაწყვეტილებით დატოვა თანამდებობა, ის მაღალ დონეზე ასრულებდა მოვალეობებს, სპეკულაციებს არანაირი საფუძველი არ აქვს
ლევან დავითაშვილი - ჩემმა პირველმა მოადგილემ პირადი გადაწყვეტილებით დატოვა თანამდებობა, ის მაღალ დონეზე ასრულებდა მოვალეობებს, სპეკულაციებს არანაირი საფუძველი არ აქვს

ჩემმა პირველმა მოადგილემ  პირადი გადაწყვეტილებით დატოვა სამთავრობო გუნდი, ჩვენი სამინისტრო. სპეკულაციებს არანაირი საფუძველი არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

კერძოდ, დავითაშვილს კითხვა დაუსვეს რომეო მიქაუტაძესთან დაკავშირებით, რას უკავშირდებოდა მის მიერ თანამდებობის დატოვება.

„ამასთან დაკავშირებითაც ბევრი სპეკულაცია იყო. გუშინ პირდაპირ ეთერში გავაკეთე განცხადება, რომ სპეკულაციებს არანაირი საფუძველი არ აქვს, არანაირი გამოძიება, დაკითხვა და კითხვები არ არსებობს ჩემი ყოფილი პირველი მოადგილის მიმართ. მაღალ დონეზე ასრულებდა თავის მოვალეობებს და პირადი გადაწყვეტილებით დატოვა სამთავრობო გუნდი, ჩვენი სამინისტრო. ეს არის ამომწურავი ინფორმაცია. მასთან დაკავშირებით განცხადებები ეფუძნება ხოლმე კონკრეტულ გადაცემებში მოყვანილ მოსაზრებებს. ეს გადაცემები დიდწილად მიკერძოებულია ხოლმე. სამინისტრო ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას იმ გუნდთან ერთად, რომელიც სამინისტროში წლების განმავლობაში მუშაობდა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დავითაშვილს კიდევ ერთი კითხვით მიმართეს, რომლის მიხედვითაც, სუს-ში მიმდინარეობს სავარაუდო კორუფციის საკითხის მოკვლევა და გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფებოდა მისი ყოფილი მოადგილე, რაზეც დავითაშვილმა აღნიშნა:

„ჯერჯერობით არავის წინააღმდეგ არ მიმდინარეობს. ასეთ ინფორმაციას არ ვფლობ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.