ლევან დავითაშვილი - ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურია საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური კავშირები, სავაჭრო ბრუნვა მილიარდ დოლარს გადაცდა და 70%-იანი ზრდა გვაქვს
ლევან დავითაშვილი - ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურია საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური კავშირები, სავაჭრო ბრუნვა მილიარდ დოლარს გადაცდა და 70%-იანი ზრდა გვაქვს

ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურია ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები, მათ შორის, სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და შარშანდელი წლის პირველი თერთმეტი თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა მილიარდ დოლარს გადაცდა, 70%-იანი ზრდა გვაქვს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სომხეთში ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი დინამიკა ფიქსირდება ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და გადაზიდვების მიმართულებით.

„მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება. ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურია ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები, მათ შორის, სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და შარშანდელი წლის პირველი თერთმეტი თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა მილიარდ დოლარს გადაცდა, 70%-იანი ზრდა გვაქვს. ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი დინამიკა ფიქსირდება ტრანსპორტის, ლოგისტიკის, გადაზიდვების მიმართულებით, სადაც 30%-ზე მეტია ტვირთბრუნვა ქვეყნებს შორის. ასევე გაზრდილია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე აღდგენის დინამიკა შეინიშნება ტურისტული ნაკადების კუთხით. 700 000-მდე ვიზიტორი გვყავდა ჩვენ სომხეთის რესპუბლიკიდან 2022 წელს საქართველოში. ზოგადად, მზარდია ტურისტული ნაკადი და ტურისტულ ბაზრებს შორის სომხეთი მესამე ადგილს იკავებს. ასე რომ, თანამშრომლობის ბევრი მიმართულება აკავშირებს საქართველოსა და სომხეთს ერთმანეთთან. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე. იმ პოტენციალზე და შესაძლებლობებზე, რომ ორივე ქვეყანამ შეიძლება აწარმოოს ელექტროენერგია, ხელი შევუწყოთ ერთმანეთის ენერგოდამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას და ასევე გამოვიყენოთ ის ახალი შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოს უჩნდება ევროპასთან დაკავშირების კუთხით, ელექტროენერგიის ტრანზიტისა და ვაჭრობის მიმართულებით. ასე რომ, ეს დატვირთული დღის წესრიგი მომავალში თანამშრომლობის კარგ პერსპექტივებს ქმნის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.