ლევან დავითაშვილი - ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საერთაშორისო კომპანიებისგან მივიღეთ რამდენიმე განაცხადი, რომლებიც მუშავდება
ლევან დავითაშვილი - ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საერთაშორისო კომპანიებისგან მივიღეთ რამდენიმე განაცხადი, რომლებიც მუშავდება

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე საერთაშორისო კომპანიებისგან მივიღეთ რამდენიმე განაცხადი და მიმდინარეობს მუშაობა მათ დასამუშავებლად, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, კომპანიებისთვის მოთხოვნილი იყო გარკვეული შესაბამისობის კრიტერიუმები.

„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვას რაც შეეხება, განაცხადების მიღება ოფიციალურად 19 ივნისს დამთავრდა. გიდასტურებთ, რომ საერთაშორისო კომპანიებისგან ჩვენ მივიღეთ რამდენიმე განაცხადი. არიან როგორც ინდვიდუალურად კომპანიები, ასევე კომპანიათა გაერთიანებები და კონსორციუმები. კომპანიების მიმართ მოთხოვნილი იყო გარკვეული შესაბამისობის კრიტერიუმები, მათ შორის ფინანსური მდგრადობის, კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია. ამიტო, ახლა მიმდინარეობს ამ ინფორმაციის შესწავლა, დამუშავება და უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით უფრო დეტალურ ინფორმაციას, მათ შორის მონაწილე კომპანიების, მათი გამოცდილების შესახებ, ყველანაირ ინფორმაციას, რაც გამოთხოვილი გვქონდა კომპანიების მხრიდან. ამ ეტაპზე მეტ ინფორმაციას საზოგადოებას, სამწუხაროდ, ვერ გავუზიარებთ, თუმცა ინტენსიურად მუშაობს ჩვენი სააგენტო, რომ დამუშავდეს ეს განაცხადები. გეტყვით, რომ რამდენიმე განაცხადი იყო მნიშვნელოვანი საერთაშორისო კომპანიების მხრიდან მიღებული“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51 პროცენტის მფლობელი სახელმწიფო იქნება, 49%-ზე კი გამოცხადდებოდა საერთაშორისო ტენდერი.