ლევან დავითაშვილი - „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მიმართ დაინტერესება წელს განსაკუთრებით გაზრდილია, ეს მიანიშნებს, რომ საქართველოს როლი რეგიონში იზრდება
ლევან დავითაშვილი - „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მიმართ დაინტერესება წელს განსაკუთრებით გაზრდილია, ეს მიანიშნებს, რომ საქართველოს როლი რეგიონში იზრდება

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მიმართ დაინტერესება ძალიან მაღალია, ისეთი, როგორც არასდროს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

როგორც დავითაშვილმა განაცხადა, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

„პირველად 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ჩატარდა, თუმცა პანდემიის გამო, სამწუხაროდ, წინა წლებში ვერ მოვახერხეთ ფორუმის ჩატარება. დღეს ვხედავთ, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ფორუმის მიმართ დაინტერესება ძალიან მაღალია, ისეთი, როგორც არასოდეს აქამდე.

ფორუმზე გვყავს 2000-ზე მეტი მონაწილე, 50-მდე ქვეყნის წარმომადგენლები არიან ჩამოსული. ეს არ არის მხოლოდ მაღალი დონის პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობა, არამედ ჩვენ ვხედავთ ბიზნესის ძალიან მაღალ აქტივობას.

გვქონდა წინა დღეებში შეხვედრები დელეგაციებთან. გვყავს დელეგაციები ამერიკიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, ჩინეთიდან, ევროპიდან, რეგიონის ქვეყნებიდან“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით,  „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მიმართ დაინტერესება წელს განსაკუთრებით გაზრდილია, რაც მიანიშნებს, რომ საქართველოს როლი რეგიონში იზრდება.

„ფორუმის მიმართ დაინტერესება განსაკუთრებით გაზრდილია 2023 წელს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს როლი იზრდება რეგიონში. საქართველო, როგორც სტაბილური, საინტერესო, დინამიკურად განვითარებადი ეკონომიკა, მიმზიდველია ინვესტორებისთვის. ეს არის ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემო. დარწმუნებული ვარ, რომ ფორუმის ფარგლებში ძალიან ბევრი წარმატებული გარიგება მოხდება ბიზნესებს შორის. ასევე იქნება ძალიან საინტერესო დისკუსიები პოლიტიკოსებს შორის სხვადასხვა თემაზე.

იცით, რომ ჩვენ ძალიან ბევრ მიმართულებას ვფარავთ, ეს არის როგორც ტრანსპორტი, მათ შორის, შუა დერეფნის პერსპექტივები, ეს არის ინვესტიციები, ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, ფინანსები და ბევრი სხვა, რაზეც ფორუმის განმავლობაში გვექნება მსჯელობა.

დიდი იმედი მაქვს, რომ ფორუმი წარმატებით ჩაივლის და საქართველოს პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

აქაც უნდა ხდებოდეს მაღალ დონეზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის პოტენციალი გვაქვს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

თბილისი „აბრეშუმის გზის ფორუმს“  მეოთხედ მასპინძლობს. საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობს 2 000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი 60-მდე ქვეყნიდან. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური პანელური დისკუსიები მნიშვნელოვან, საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა თემებზე. ღონისძიების მთავარი თემა წელს „დაკავშირებადობა“ იქნება.

ფორუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახსნის.