ლევან ცუცქირიძე - როგორც აქამდე ვიყავით პროტესტის მონაწილე და წინააღმდეგობის ერთგული, ასევე ვიქნებით 4 ოქტომბერსაც, ვიქნებით ბოლომდე, ვიდრე არ ასრულდება ჩვენი საერთო მიზანი
4 ოქტომბერს დანიშნულია დიდი სახალხო აქცია და ბევრი თანამოქალაქე შეიკრიბება. მიუხედავად იმისა, რომ „თავისუფლების მოედანი“ არ ვართ ამ აქციის ორგანიზატორი, პასუხისმგებლობას ვგრძნობთ როგორც ჩვენი წევრებისა და მხარდამჭერების, ისე მთლიანად საზოგადოებისა და თანამოქალაქეების წინაშე, – ამის შესახებ პარტია „თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „თავისუფლების მოედანი“ ყოველთვის იყო სამართლიანი პროტესტის მონაწილე და ასევე იქნება 4 ოქტომბერსაც.
„დღეს პროტესტის 307-ე დღეა და ამ დროის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ თავისი უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით ქვეყანა კიდევ უფრო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა, რის შედეგადაც საკუთარ ხალხს და მის ეროვნულ ინტერესებს დაუპირისპირდა. შექმნილი კრიზისის განმუხტვა სწორედ მისი ვალია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა მოვლენათა შესაძლო გამწვავებაზე სწორედ მას დაეკისრება. „ქართულმა ოცნებამ“ მის მიერ გატარებული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით ჩიხში შეიყვანა ჩვენი ქვეყნის განვითარება და ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს მომავალი. უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანები, მოპარული ხელისუფლება, დეგრადირებული სასამართლო, პროკურატურა, ძალოვანი სტრუქტურები და ელიტური კორუფცია – ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუარესების ფონზე, ჩვენს ქვეყანას უმძიმესი განსაცდელის წინაშე ააყენებს. მოვუწოდებთ ქართულ პოლიციას და სხვა სამართალდამცავ ორგანოებში დასაქმებულ თანამოქალაქეებს, ემსახურეთ ქართველ ხალხს და არა „ქართულ ოცნებას“, დაიცავით თანამოქალაქეები, თქვენ მიერ დადებული ფიცი და არა კრიმინალთა მითითებები, უერთგულეთ კონსტიტუციას და არა კორუმპირებულ პოლიტიკოსებს. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მის მიერ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს რეჟიმის ტყვეები, შეაჩეროს ბოლო ერთი წლის მანძილზე უკანონო სამართლებრივი აქტების მოქმედება და გამოთქვას მზაობა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების უმოკლეს ვადაში დანიშვნის შესახებ შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფით.
„თავისუფლების მოედანი“ როგორც დემოკრატიული წინააღმდეგობიდან წარმოშობილი პარტია, ყოველთვის იყო სამართლიანი პროტესტის მონაწილე და ლიდერი, ამიტომ როგორც აქამდე ვიყავით ამ პროტესტის მონაწილე და წინააღმდეგობის ერთგული, ისევე ვიქნებით 4 ოქტომბერსაც. ვიქნებით ბოლომდე, ვიდრე არ ასრულდება ჩვენი საერთო მიზნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი დემოკრატიული არჩევნების ჩანიშვნა და საქართველოში დემოკრატიული წყობილების აღდგენა. ვითარებაში, რომელიც შექმნილია ქვეყანაში, უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“. საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში გამოდიან, რადგან არიან უკმაყოფილო, გაბრაზებული და შეურაცხყოფილი იმ გადაწყვეტილებების, საქციელის გამო, რომელიც „ქართული ოცნების“ პარტიამ გადადგა. ეს არის მთავარი. ყველა მოქალაქე, რომელიც გამოვა გარეთ, ამას გააკეთებს საკუთარი მოქალაქეობრივი მოვალეობის გამო. ასევე აქცია დააანონსეს სხვადასხვა პოლიტიკოსებმა და პარტიების წარმომადგენლებმა. რა თქმა უნდა, მათი გადასაწყვეტია. ვუერთდები მოწოდებას, „ქართულმა ოცნებამ“ უპირობოდ დათმოს ძალაუფლება, რადგან მას აღარ ეკუთვნის ის, უნდა დაუბრუნოს, ვისაც მართლა ეკუთვნის – ეს არის ქართველი ხალხი“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
როგორც ცუცქირიძემ აღნიშნა, „ქვეყანაში უნდა არსებობდეს დემოკრატიული ხელისუფლება და ძალაუფლება ეკუთვნოდეს ხალხს“.
„ჩვენი პოზიციაა, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს დემოკრატიული ხელისუფლება, ძალაუფლება ეკუთვნოდეს ხალხს. „ქართულმა ოცნებამ“ ეს ძალაუფლება მოიტაცა, დაისაკუთრა, რადგან მათ სურთ, მუდმივი ძალაუფლება ჰქონდეთ. ძალაუფლება უნდა დაუბრუნონ ხალხს. ვითარება, რომელიც არის შექმნილი ქვეყანაში, შექმნილია მათ მიერ. ჩვენ არ გადაგვიდგამს ის ნაბიჯები, რომლებიც მათ გადადგეს, ჩვენ არ გვიცემია სიკვდილამდე სტუდენტები და ჟურნალისტები თბილისის ქუჩებში. ჩვენ იგივე ხალხი ღირსების ორდენით არ დაგვიჯილდოებია“, – აღნიშნა ლევან ცუცქირიძემ.