ლევან ჩხეიძე - პრეზიდენტის სასახლე საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების შეხვედრის ადგილი უნდა იყოს
ვხედავთ, ხელისუფლება როგორ ცდილობს, გაიყვანოს მასთან ასოცირებული, ვითომ დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც ჩვენი სახელმწიფოსთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან ჩხეიძემ პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა.
„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი საკუთარ საუბარს ვერ აკონტროლებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდ ხიფათს წარმოადგენს. მან გააკეთა ორი ძალიან საზიანო განცხადება. ერთი ის, რომ თითქოს, 2008 წელს ცხინვალში ომი ჩვენ დავიწყეთ და მეორე, ჯავახეთში ამომრჩევლებთან შეხვედრისას გაკეთებული უკიდურესად ანტითურქული და ქსენოფობიური განცხადება, რამაც ჩვენ პარტნიორ თურქეთსა და აზერბაიჯანში შეშფოთება გამოიწვია. წარმოიდგინეთ, ერთ მშვენიერ დღეს, ეს ქალი სომხეთში რომ ჩავიდეს და განაცხადოს, ყარაბაღი სომხეთის კუთვნილი მიწააო, ამას ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში რამხელა დემარში მოჰყვება“, – განაცხადა ჩხეიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად სამართლიანია წინასაარჩევნო გარემო და ახერხებს თუ არა ის თავისი სათქმელის ამომრჩევლამდე მიტანას, ლევან ჩხეიძემ განაცხადა, რომ 21-ე საუკუნეში, რომელიც ინფორმაციისა და ინფორმატიკის ერაა, პრაქტიკულად შეუძლებელია, საარჩევნო კამპანია საინფორმაციო საშუალებების გარეშე აწარმოო, მას კი, მედიის საშუალებით ამომრჩეველთან კომუნიკაციის საშუალება სულ ცხრაჯერ მიეცა და იძულებული იყო, კამპანიის ყველაზე დიდი ნაწილი სოციალური მედიის, „ფეისბუქის“ მეშვეობით ეწარმოებინა.
„მადლობა მარკ ცუკერბერგს, განსხვავებით ჩვენი მედიის წარმომადგენლებისაგან. მე ყურადღება დამითმო მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, სადაც სამჯერ ვიყავი, „ობიექტივმა“, სადაც ასევე სამჯერ ვიყავი და სამჯერ ვიყავი სხვადასხვა რადიოში. ეს იყო „რადიო თავისუფლება“, რადიო „მაესტრო“ და რადიო „პალიტრა“. სხვა მედიასაშუალებები აწარმოებდნენ ისეთ პოლიტიკას, თითქოს, ქვეყანაში მხოლოდ სამი კანდიდატი იყრის კენჭს და დანარჩენი კანდიდატები ბუნებაში არ ვარსებობთ“, – განაცხადა ჩხეიძემ.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, გამარჯვების შემთხვევაში, როგორ წარმოუდგენია მას განსხვავებულ პოლუსებზე მყოფ პოლიტიკურ და სოციალურ ჯგუფებს შორის ურთიერთობის მოწესრიგება და ერის ერთიანობის დაცვა, რადგან პრეზიდენტის ფუნქციებიდან ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა, ლევან ჩხეიძემ აღნიშნა, რომ ეს შესაძლებელია და მას ეს შეუძლია.
„პირველ რიგში, გამოვრიცხავ ყოველგვარ დესტრუქციას საქართველოში წარმოდგენილ ნებისმიერ საპარლამენტო ჯგუფთან. პირიქით, პრეზიდენტად ჩემი არჩევის შემთხვევაში, ვთვლი, რომ უნდა გამოვკვეთო რამდენიმე საკვანძო საკითხი, რომლის ირგვლივაც ამ ყველა პოლიტიკური ჯგუფის ჩართვა უნდა მოხდეს და პრეზიდენტის სასახლე უნდა იყოს, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო პარტიების შეხვედრის, აზრთა გაცვლისა და რაღაც კონცეფციების ჩამოყალიბების ადგილი“, – განაცხადა ლევან ჩხეიძემ.