ლევან ბეჟაშვილი – ქართველმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება „ვარდების რევოლუციაზე“, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი არ მოახდინა რევოლუცია, ეს იყო ქართველი ხალხის ბრძოლა
ათეული წლების წინანდელი მოვლენების კომენტირება ახლა აბსოლუტურად გაუმართლებლად მიმაჩნია, ის, რომ ივანოვი იღებდა მონაწილეობას „ვარდების რევოლუციის“ დროს მოლაპარაკებების პროცესში, საზოგადოებისთვის ცნობილი ფაქტია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, აღიარა თუ არა მიხეილ სააკაშვილმა, რომ იგორ ივანოვმა დაარიგა თანამდებობები 2003 წელს, ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ ეს კითხვა მიხეილ სააკაშვილს უფრო მიემართება და წლების წინანდელი მოვლენების კომენტირება გაუმართლებელია.
მისივე თქმით, „ვარდების რევოლუცია“ ქართველი ხალხის ბრძოლა იყო.
„მგონი, ეს კითხვა უფრო მიხეილ სააკაშვილს მიემართება. იმავდროულად, გასათვალისწინებელია და საყოველთაო ცნობილი ფაქტია, რომ რუსეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი რევოლუციის დღეებში ჩამოვიდა და გარკვეულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღო. ამიტომ, თავისთავად ეს ინფორმაცია დიდად არ ცვლის მოვლენათა იმ განვითარებას, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ დროს მოხდა და შემდგომში განხორციელდა. ვერავინ, ჭკუათმყოფელი „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს რუსული პოლიტიკის გატარებაში ვერ დაადანაშაულებს. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ვექტორი ცალსახად მიმართული იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორებისკენ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ეს უდავო ფაქტია.
ათეული წლების წინანდელი მოვლენების კომენტირება ახლა აბსოლუტურად გაუმართლებლად მიმაჩნია. ის, რომ ივანოვი იღებდა მონაწილეობას „ვარდების რევოლუციის“ დროს მოლაპარაკებების პროცესში, საზოგადოებისთვის ცნობილი ფაქტია. რაც შეეხება თანამდებობის განაწილება მოხდა თუ არა, ფაქტი არის, რომ ქართველმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება „ვარდების რევოლუციასთან“ დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი არ მოახდინა „ვარდების რევოლუცია“, ეს იყო ქართველი ხალხის ბრძოლა იმდროინდელი რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ემსახურებოდა კორუფციას, თანამდებობის პირების, კლანების ინტერესებს. 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“ ამით არის გამორჩეული, რომ ეს იყო სახალხო, მშვიდობიანი რევოლუცია“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 24 ნოემბერს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა: „რუსები და მათი ქართველი „შნირები“ ამბობენ, რომ „ვარდების რევოლუცია“ ამერიკელების ორგანიზებული იყო, ამერიკელები გვეწინააღმდეგებოდნენ, პირველმა რევოლუცია იგორ ივანოვმა აკურთხა“. მიხეილ სააკაშვილის აღნიშნული პოსტი მის სოციალურ ქსელში აღარ იძებნება.