ლევან ბეჟაშვილი - მნიშვნელოვანია, დროზე გადავწყვიტოთ პარტიის თავმჯდომარის საკითხი, სავარაუდოდ, დეკემბრის შუა რიცხვებისთვის უნდა დასრულდეს ეს პროცესი
ლევან ბეჟაშვილი - მნიშვნელოვანია, დროზე გადავწყვიტოთ პარტიის თავმჯდომარის საკითხი, სავარაუდოდ, დეკემბრის შუა რიცხვებისთვის უნდა დასრულდეს ეს პროცესი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს ის პროცედურები, რაც აუცილებელია პარტიაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განსახორციელებლად.

ბეჟაშვილის განმარტებით, საუბარია ელექტრონული არჩევნების ფორმატის შემუშავებაზე, რომელიც საყოველთაობის პრინციპის დაცვას უზრუნველყოფს.

„ჩვენს მხარდამჭერებს, პარტიის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, ელექტრონული ფორმით აირჩიონ პარტიის თავმჯდომარე. იმავდროულად, საუბარი იყო ვადებთან დაკავშირებით, საარჩევნო ფორმირების საკითხზე, როგორ უნდა მომხდარიყო კანდიდატის რეგისტრაცია. საუბარი იყო, რომ პოლიტსაბჭოს სამ წევრს ჰქონდეს კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილება. საარჩევნო კამპანიის შესაძლო ვადებთან დაკავშირებით იყო განხილვა და საკითხების მოთელვა. ერთი კვირის განმავლობაში პოლიტსაბჭომ უნდა დაამტკიცოს არჩევნების ჩატარების წესი და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოს, რომ ყველა მხარის ინტერესი დაცული იყოს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ვაჩვენოთ კონსოლიდაცია და დროზე გადავწყვიტოთ პარტიის თავმჯდომარის საკითხი. სავარაუდოდ, პირადად ჩემი აზრია, რომ დეკემბრის შუა რიცხვებისთვის უნდა დასრულდეს ეს პროცესი, ჩვენ არ გვაქვს ბევრი ფუფუნება, პროცესი მაქსიმალურად გაიწელოს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.