ლევან ბეჟაშვილი – კრისტიან დანიელსონის ვიზიტი და მოლაპარაკებების მეორე რაუნდი პოლიტიკური კრიზისის გადასაწყვეტად ძალიან მნიშვნელოვანია
დანიელსონის ვიზიტი და მოლაპარაკებების მეორე რაუნდი პოლიტიკური კრიზისის გადასაწყვეტად ძალიან მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებთ, პოზიციები დაახლოვდება. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ყოველდღიურ რეჟიმში ბრიფინგებზე განცხადებებს აკეთებს, რომელიც ხელს არ უწყობს მოლაპარაკებების პროცესის ობიექტურად წარმართვას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
„ვიმედოვნებთ, მათ ეყოფათ პასუხისმგებლობა და გამბედაობა საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შესთავაზოს ისეთი დოკუმენტი, რომელიც განხილვადი იქნება. ბუნებრივია, ოპოზიცია კომპრომისებზე წასასვლელად მზად ვართ, იმისთვის რომ, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გადაწყდეს და ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. მოლაპარაკებების დროს ნებისმიერი კომპრომისი დამოკიდებულია იმაზე, რა წინადადებებს შემოგვთავაზებს ის მხარე, რომელსაც პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა შეუძლია. კონკრეტულად რაიმე სახის კომპრომისზე საუბარი შეუძლებელი იქნება, თუ მოლაპარაკებები არ დაიწყო და განსახილველად არ დაიდო ის დოკუმენტი, რომელიც ყველა იმ საკითხს პასუხობს, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ არჩევნები გაყალბდა და საზოგადოება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს და მოლაპარაკებამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავეს ნიკა მელია. ეს ორი საკითხი კრიზისის მთავარი განმსაზღვრელია, თუ ეს ორი საკითხი არ გადაიჭრა, მაშინ კრიზისიც არ ყოფილა და მოლაპარაკებას აზრი არ ჰქონია“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია ჩაერთვება ნებისმიერი სახის რეფორმირების საკითხში.
„რესპუბლიკური პარტიის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებები მოვისმინეთ. მათ მიერ დოკუმენტზე ხელის არმოწერა უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურ მხარეს, მოლაპარაკების წინ მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს პოზიციის ამგვარად დაფიქსირება, თუმცა შინაარსობრივად ისინი ეთანხმებიან განცხადებაში მოყვანილ ტექსტს. მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია ჩაერთვება ნებისმიერი სახის რეფორმირების საკითხში, მაგრამ პოლიტიკური კრიზისის გადასაწყვეტად მთავარი, ამოსავალი დებულება უნდა იყოს პოლიტპატიმრების გამოშვება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღის განსაზღვრა“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.