ლევან ბეჟაშვილი - ხაბეიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, პარტია სააკაშვილის პარტიად დარჩება და მოხდება ამოძრავება
ლევან ბეჟაშვილი - ხაბეიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, პარტია სააკაშვილის პარტიად დარჩება და მოხდება ამოძრავება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით 49 000 ადამიანი დარეგისტრირდა. მისივე თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ელექტორატს ცვლილებები სურს.

ლევან ბეჟაშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს, პარტიაში ცვლილებების განხორციელებას მხარი დაუჭირონ.

„„ნაციონალურო მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით რეგისტრაცია დასრულდა. პროცესში მონაწილეობა მიიღო 49 000-მა ადამიანმა. 28-29 იანვარს 48 საათის განმავლობაში მოხდება ელექტრონული ფორმით გადაწყვეტილების მიღება. ყველა მხარდამჭერს მოვუწოდებთ, მხარი დაუჭიროს პარტიაში ცვლილებებს. არჩევნებში 50 000-მდე ადამიანის დარეგისტრირება ნიშნავს, რომ ელექტორატს ახალი ლეგიტიმაცია და ცვლილებები სურს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილის თქმით, არჩევნებში ხაბეიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, პარტია სააკაშვილის პარტიად დარჩება და მოხდება პარტიის ამოძრავება.

„ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, პარტია დარჩება მიხეილ სააკაშვილის პარტიად და მოხდება ყველა ჯგუფის გაერთიანება, ჩართვა პარტიის მმართველობაში და პარტიის ამოძრავება. დამარცხებას არ ვიხილავთ. შედეგის მიუხედავად, ყველა კანდიდატსა და მათ მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, კენჭისყრის დამთავრებისთანავე მოვახდინოთ გაერთიანება პარტიის გამოწვევების თვალსაზრისით“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ამასთან, ბეჟაშვილი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ძმის, დავით სააკაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, გიორგი მუმლაძისგან მიიღო შეთავაზება გამარჯვების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტის დაკავებასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება გიორგი მუმლაძის თაობაზე დავით სააკაშვილის განცხადებას, ეს პოზიცია იმის დასტურია, რომ ის მხარს უჭერს პარტიის ხელმძღვანელობაში ცვლილებებს, ახალ ლეგიტიმაციას. მისი განცხადება გასაგებია და პარტიის მხარდამჭერებისთვის საჭიროა განახლება, ცვლილებები“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.