ლევან ბეჟაშვილი - კეზერაშვილი იყო პარტიის წევრი, ჰყავს მეგობრები, ნაცნობები, ამ კავშირების უარყოფა დიდი სისულელე იქნებოდა, მაგრამ აბსურდია, ვიღაცას ჰქონდეს პარტიის გაკონტროლების წყურვილი
ლევან ბეჟაშვილი - კეზერაშვილი იყო პარტიის წევრი, ჰყავს მეგობრები, ნაცნობები, ამ კავშირების უარყოფა დიდი სისულელე იქნებოდა, მაგრამ აბსურდია, ვიღაცას ჰქონდეს პარტიის გაკონტროლების წყურვილი

მიუხედავად არჩევნების შედეგებისა, რა მოწინააღმდეგეთა ბანაკები და შტაბებიც არ უნდა იყოს, ჩვენ ამ პროცესიდან უნდა გამოვიდეთ კიდევ უფრო ერთიანი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ არის რომელიმე ერთი ლიდერის პარტია.

„ეს არის იდეალებისადმი ერთგული ადამიანების პარტია, რომელმაც ბოლო ათი წლის განმავლობაში განსაკუთრებული წნეხი განიცადეს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ექნება თუ არა პარტიას უფრო რადიკალური დღის წესრიგი თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევის შემთხვევაში, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ მომავლის ხედვა მხოლოდ რადიკალიზმი არ უნდა იყოს.

„თქვენ ფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი არ იყო რადიკალური და ახლა იქნება? ვფიქრობ, მარტო რადიკალიზმი არ უნდა იყოს მომავლის ხედვა. ჩვენი ხედვა უნდა იყოს მწყობრი, თანმიმდევრული და საქმიანი“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

შეკითხვაზე, რატომ საუბრობენ „ნაციონალური მოძრაობის“ ცალკეული წევრები, რომ პარტიაში ადგილი აქვს გავლენების მოპოვების მცდელობას, აქვს თუ არა კავშირი დავით კეზერაშვილს მასთან და პარტიის წევრთა გარკვეულ ნაწილთან, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ კეზერაშვილთან ურთიერთობა მასაც აქვს და პარტიის სხვა წევრებსაც, რაც ბუნებრივია.

„რა თქმა უნდა, დავით კეზერაშვილი იყო პარტიის წევრი, მთავრობის წევრი, ჰყავს მეგობრები, ნაცნობები და ასეთი კავშირები ყოველთვის არსებობდა. ამ კავშირების უარყოფა ახლა დიდი სისულელე იქნებოდა და არც საზოგადოება დაიჯერებს, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ვიღაცას ჰქონდეს დაუოკებელი წყურვილი პარტიის გაკონტროლების და ა.შ. მართლაც აბსურდია“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, ნიკა მელიას შეხედულებებმა და განცხადებამ, რომელიც მან გააკეთა, პირველ რიგში პარტია დააზიანა.

„ის აცხადებს, რომ პირადად შეურაცხყოფილი არის და პირადი წყენა აკავშირებს. მე ვფიქრობ, პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი პირადი წყენაც შეიძლება, გადავდოთ და პარტია არ დავაზიანოთ. ეს უნდა იყოს აქსიომატური და მომავალშიც ასე უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

შეკითხვაზე, რამდენად გაუწევს კონკურენციას ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიას და რამდენად მიიღებს ის უფრო მეტ ლეგიტიმაციას მხარდამჭერებისგან, ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ ხაბეიშვილს ამის რესურსი აქვს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, „რამდენად ეთანხმება გავრცელებულ მოსაზრებას და ეჭვს, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ ადგილი აქვს ერთგვარი კამპანიური პროცესის წამოწყებას და შესაძლებელია თუ არა, ხაბეიშვილის კანდიდატურის მიღმა კეზერაშვილ-მერაბიშვილის ინტერესი იდგეს, რომლებიც ამ ვითარებაში შესაძლოა, სიტუაციური პარტნიორები აღმოჩდნენ“, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ვინმე უნდა დაადანაშაულოს წარსულ საქმიანობაზე.

რაც შეეხება იმას, დააზიანებს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული უთანხმოება პარტიის ინტერესებს და დააკარგვინებს თუ არა ეს პროცესი ხმებს პარტიას, ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ბუნებრივი პროცესია და ათი წლის განმავლობაში ყველა ასეთი პროცესი „ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო აძლიერებდა.

მისი თქმით, ყველას მოლოდინია, რომ შიდაპარტიული არჩევნები 20 ან მაქსიმუმ, 23 დეკემბერს გაიმართება.

ამასთან, ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში პარტიას შეიძლება, საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებების მიღება მოუწიოს.

„ბუნებრივია, მისი ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს აქტიურობა და ხელისუფლებაზე დამატებითი ზეწოლის განხორციელება“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.