ლევან ბეჟაშვილი - ეს გამარჯვება არ არის საზეიმო, ეს არის დიდი პასუხიმგებლობა საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, არავინ აპირებს პარტიის დატოვებას, ჩვენ ვართ ერთიანი
ლევან ბეჟაშვილი - ეს გამარჯვება არ არის საზეიმო, ეს არის დიდი პასუხიმგებლობა საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, არავინ აპირებს პარტიის დატოვებას, ჩვენ ვართ ერთიანი

ეს გამარჯვება არ არის საზეიმო, ეს არის დიდი პასუხიმგებლობისა და ვალდებულების აღება საკუთარი ამომრჩევლის, პარტიის წევრების წინაშე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილის პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გამარჯვება სამართლიანი იყო.

„მინდა, მადლობა გადავუხადო კომისიის წევრებს, თავმჯდომარეს, კობა ნაყოფიას, რომელმაც პროცესი წარმართა ისე, როგორც თავიდანვე განისაზღვრა. ყველა გადაწყვეტილება საარჩევნო კომისიამ მიიღო კონსენსუსის საფუძველზე. პრაქტიკულად, ყველა გადაწყვეტილების მიღება ხდებოდა ერთხმად, ამიტომ რაიმე დაპირისპირება საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში არ შეინიშნებოდა. ვფიქრობთ, ეს შედეგი სამართლიანი იყო. ამ შედგების პროგნოზირებას ვახდენდით იმ ანალიტიკური მასალის საფუძველზე, კვლევების საფუძველზე, რომლებიც ყოველი არჩევნების დროს ტარდება. ამიტომ ეს შედეგი კანონზომიერებაა თვითონ ბევრი ანალიტიკური ინფორმაციის შეჯერების საფუძველზე. ჩემთვის ეს გამარჯვება არ არის საზეიმო, ეს გამარჯვება არის დიდი პასუხიმგებლობის და ვალდებულების აღება საკუთარი ამომრჩევლის, პარტიის წევრების წინაშე და ჩვენი გუნდი ამას უყურებს, როგორც პასუხისმგებლობას. ჩვენ არ ვაპირებთ ზეიმს და ა.შ. ჩვენ ვაპირებთ უკვე ხვალიდან დავიწყოთ გაერთიანება ამ პარტიის, მათ შორის ყველა კანდიდატის საარჩევნო შტაბთან და ყველა კანდიდატთან. ჩვენ ერთობლივად უნდა დავსახოთ ის სტრატეგია, რომელიც პარტიას გამოიყვანს კრიზისიდან და განაწყობს პარტიის ყველა წევრს საბრძოლველად“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, პარტიის დატოვებას არავინ აპირებს და მათი მიზანი „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანებაა.

„ჩვენი სურვილი არის და ეს იმთავითვე საარჩევნო შტაბების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არავინ არ აპირებს პარტიის დატოვებას, ჩვენ ვართ ერთიანი. ამ პროცესიდან უნდა გამოვიდეთ გაძლიერებულები და გაერთიანებულები. ამიტომ ჩვენი მიზანი იქნება პარტიის გაერთიანება, საერთო სტრატეგიის შემუშავება და ერთად ბრძოლა პარტიის და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან. ნებისმიერი საარჩევნო კამპანიისთვის დამახასიათებელი არის გარკვეული ბრალდებები, გარკვეული მტკიცებულებები და ა.შ. ეს ნებისმიერი საარჩევნო კამპანიის კანონზომიერებაა, ასე შეიძლება, ითქვას. ვფიქრობ, დღევანდელი დღით უნდა დაიწყოს სხვა ეტაპი პარტიის განვითარების და ეს სხვა ეტაპი, პირველ რიგში, უნდა დაიწყოს პარტიის გაერთიანებით“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58 პროცენტი მიიღო.