ლევან ბეჟაშვილი - დღეს შევხვდებით ხატია დეკანოიძეს, შევთავაზებთ, რომ გააგრძელოს ფრაქციის თავმჯდომარის საქმიანობა
ლევან ბეჟაშვილი - დღეს შევხვდებით ხატია დეკანოიძეს, შევთავაზებთ, რომ გააგრძელოს ფრაქციის თავმჯდომარის საქმიანობა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში მხოლოდ პარლამენტიდან გამოსვლა არ არის გამოსავალი და ეს ნაბიჯი შედეგზე უნდა იყოს გათვლილი.

ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ბერკეტი მიზნობრივად უნდა გამოიყენონ.

„ლევან ხაბეიშვილს არ გაუკეთებია პოლიტიკური განცხადება. ხაბეიშვილმა უპასუხა იმ კითხვას, რომელიც ეხებოდა პარლამენტის შესაძლო დატოვებას. ამ პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც ქვეყანაში შექმნილია „ქართული ოცნების“ დანაშაულებრივი საქმიანობის გამო, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით მარტო პარლამენტიდან გამოსვლა არ არის გამოსავალი. ეს ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ საერთო სტრატეგიის ფარგლებში და მიზნობრივად, შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. ამიტომ ჩვენ პარლამენტიდან გამოსვლას კი არა, უფრო მეტს ვთავაზობთ „ქართულ ოცნებას“ – პარლამენტიდან გამოსვლას, დაფინანსების დაკარგვასაც, საარჩევნო კომისიებში ადგილის დაკარგვას, მათ შორის საკრებულოებიდან გამოსვლას, პარტიის ოფისის გადაბარებასაც კი. მთავარი უნდა იყოს, რომ მიხეილ სააკაშვილმა დატოვოს საპატიმრო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველანაირ საფუძველს იძლევა, რომ ის გადაყვანილ იქნას სამკურნალოდ. ლევან ხაბეიშვილს ხომ არ გაუკეთებია პოლიტიკური განცხადება და განაცხადი პარტიის სახელით, ეს იყო დასმულ კითხვაზე პასუხი. ეს შეთავაზება ახლაც გვაქვს და ადრეც გვქონდა, მაგრამ ის კი არაა მთავარი, პარლამენტს როდის დავტოვებთ, პარლამენტს დავტოვებთ, თუ ეს იქნება შედეგზე გათვლილი და სააკაშვილი გათავისუფლდება. საერთო სტრატეგია გვექნება, ქუჩაშიც პოლიტიკა იქნება, პარლამენტშიც პოლიტიკა იქნება და ჩვენ გვექნება საშუალება, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, ქვეყნის მთავარ თემებზე მოვახდინოთ ზემოქმედება“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება ხატია დეკანოიძის განცხადებას, რომ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებას აპირებს, ბეჟაშვილის განმარტებით, ხატია დეკანოიძეს დღეს შეხვდებიან და შესთავაზებენ, გააგრძელოს ამ პოსტზე საქმიანობა.

„ჯერ თანამდებობებზე ადამიანთა კანდიდატურების განხილვა არ მიმდინარეობს. გუშინ გააკეთა ხატია დეკანოიძემ განცხადება. დღეს გვექნება მასთან შეხვედრა, მის მოსაზრებებსაც გავივლით. ბუნებრივია, იქნება შეთავაზება, რომ ხატიამ გააგრძელოს ჩვეულებრივად ფრაქციის თავმჯდომარის საქმიანობა, რადგან ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა არა მარტო საქართველოს პარლამენტში, არამედ, პარლამენტის წევრის სტატუსიდან გამომდინარე, საერთაშორისო ასპარეზზე. ამიტომ კონკრეტული კანდიდატურების განხილვის საკითხი ჯერ არ მიმდინარეობს. შეიძლება, სხვა მოადგილეებმაც დაიკავონ ეს თანამდებობა ან პარლამენტის ჩვეულებრივი, რიგითი წევრი გახდეს ფრაქცის თავმჯდომარე. ეს საკითხი ჯერ არ განგვიხილავს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ხატია დეკანოიძემ გუშინ განაცხადა, რომ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს.