ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ პარტიის წევრების მხრიდან მერაბიშვილის, კეზერაშვილის, ახალაიას თუ ადეიშვილის კნინობით ფორმაში მოხსენიება „ქოცურ“ ნარატივს ჰგავს
ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ პარტიის წევრების მხრიდან მერაბიშვილის, კეზერაშვილის, ახალაიას თუ ადეიშვილის კნინობით ფორმაში მოხსენიება „ქოცურ“ ნარატივს ჰგავს

მნიშვნელოვანია, ახალი ლეგიტიმაციის პროცესში ახალი ხედვა ვეძებოთ და პარტიის წევრებს საშუალება მიეცეთ, მომავლისკენ გავიხედოთ. „ქოცური“ ნარატივია, როცა სახელმწიფოს მუდმივად წარსულში აცხოვრებ, წარსულზე მუდმივი დავით აწმყოსაც ვკარგავთ და მომავალსაც, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შექმნილი ვითარება მეტწილად განპირობებულია იმ სიტუაციით, რომელიც ბოლო პერიოდში იყო შექმნილი.

„იყო მითქმა-მოთქმა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივობასთან და უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებით, როგორც პარტიის წევრების, ასევე სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან. „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ დიდი იყო მოლოდინი და ყველას სურდა უფრო მეტი აქტივობა. შესაბამისად, ახალი ლეგიტიმაცია და ახალი გამოსავალია საჭირო, რომ ახალი ლიდერები წარდგნენ, ახალი ლეგიტიმაციით აიღონ პასუხისმგებლობა და თანამედროვე გამოწვევებს უპასუხონ. რაც შეეხება კონკრეტულ სახელებსა და გვარებს, სამივე ბანაკიდან შეიძლება კონკრეტული გვარების ამოკითხვა, რაც არასწორი იქნება, რადგან ნებისმიერი გვარი და ყოფილი თანამდებობის პირი, იქნება ეს მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ახალაია თუ ადეიშვილი, ამ გვარებზე აპელირება და მათი კნინობით ფორმაში ხსენება, არამართებულია. ეს ადამიანები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ისტორია, მეტწილად — კარგი ისტორია, ბევრი წარმატების და ბევრი შეცდომის ისტორიაც, რომლისგანაც ჩვენ ვერ გავთავისუფლდებით. პარტიის წევრების მხრიდან ამაზე საუბარი უფრო „ქოცურ“ ნარატივს ჰგავს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ახალი ლეგიტიმაციის პროცესში ახალი ხედვა ვეძებოთ და პარტიის წევრებს საშუალება მიეცეთ, მომავლისკენ გავიხედოთ. „ქოცური“ ნარატივია, როცა სახელმწიფოს მუდმივად წარსულში აცხოვრებ, წარსულზე მუდმივი დავით აწმყოსაც ვკარგავთ და მომავალსაც“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.