ლევან ანდრიაშვილი - თელავი უნდა იყოს მიმზიდველი მთლიანად საქართველოს მოსახლეობისთვის და ჩამოსული სტუმრებისთვის
ლევან ანდრიაშვილი - თელავი უნდა იყოს მიმზიდველი მთლიანად საქართველოს მოსახლეობისთვის და ჩამოსული სტუმრებისთვის

ჩემი მიზანია, ერთად ვისაუბროთ, ერთად ვიზრუნოთ მომავალზე, თელავზე, უშუალოდ მუნიციპალიტეტზე, რომელიც უნდა იყოს მიმზიდველი არა მარტო აქ მცხოვრებთათვის, არამედ მთლიანად საქართველოს მოსახლეობისთვის და ჩამოსული სტუმრებისთვის, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თელავის მერობის კანდიდატმა ლევან ანდრიაშვილმა წარდგენაზე.

მერობის კანდიდატმა გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ გუნდს.

„მადლობა „ქართული ოცნების“ ერთიან გუნდს ნდობის გამოცხადებისთვის, რომ ვიყო თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი და მქონდეს ის უნიკალური შესაძლებლობა, გამარჯვების შემთხვევაში ვემსახურო თელავის მუნიციპალიტეტს, ქალაქს, სადაც დავიბადე, სადაც გავიზარდე, რომელიც ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობის ქალაქია. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, მექნება ხშირი კომუნიკაცია მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებთან და უშუალოდ იმ ადამიანებთან, ვისაც გული შესტკივა მუნიციპალიტეტის განვითარებაზე და მის მომავალ დღეზე. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რამდენად ღირსეული შენამატი შეგვიძლია მივიღოთ საქართველოს ევროინტეგრაციის შეუქცევადი პროცესისგან, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია უამრავი ქმედითი ნაბიჯი გადავდგათ კიდევ უამრავი გამოწვევის წინაშე.

რა თქმა უნდა, გამოწვევები არის, თუმცა ეს გამოწვევები არის იმიტომ, რომ კიდევ განვვითარდეთ და წინ წავიდეთ. თითოეული გამოწვევის წინაშე საჭიროა კონკრეტული პროექტების განხორციელება კონკრეტული შედეგების მისაღწევად. ჩვენ ერთად უნდა დავძლიოთ პანდემიით გამოწვეული სირთულეები. ჩვენ სიტყვა უნდა ვაქციოთ საქმედ. მე დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ თქვენთან ერთად, გუნდთან ერთად აუცილებლად გავიმარჯვებ და გამარჯვების შემდეგ, თქვენთან ერთად, ყოველდღე ერთობლივი გუნდით, ერთიანი შემართებით ვიმუშავებთ მუნიციპალიტეტის, თელავისა და თითოეული სოფლის კეთილდღეობისათვის.

წარმოგიდგენთ თელავის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს: თენგიზ მთვარელიშვილი, მიხეილ დაღუნდარიძე, ნიკოლოზ ლაშხი, ზურაბ მუსაევი, ნინო კორინთელი, ივანე კირვალიძე, ნიკოლოზ მაისურაძე, გივი ლაფაური, ავთანდილ მჭედლიშვილი, უჩა ჭოტიაშვილი, გიორგი ოქროპირიძე, ზაზა ტატულიშვილი, ზურაბ მოსახლიშვილი“, – განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.

დატოვე კომენტარი