ლეშეკ ბალცეროვიჩს თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
ლეშეკ ბალცეროვიჩს თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

პოლონეთის „სამოქალაქო განვითარების ფორუმის“ საბჭოს თავმჯდომარე პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩს თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. საზეიმო ცერემონიალი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიების შემდგომ პროფესორმა საჯარო ლექცია – „ინსტიტუციური სისტემები და ცხოვრების ხარისხი“ წაიკითხა.

„ჩემთვის დიდი პატივია ამ დიდებული უნივერსიტეტის მიერ საპატიო დოქტორის წოდების მინიჭ​ება. მნიშვნელოვანია, რომ ეს საქართველოში ხდება. დაინტერესებული ვარ საქართველოს ისტორიით. განსაკუთრებით ვიკვლევ თანამედროვე ისტორიას”, – აღნიშნა პროფესორმა.

საზეიმო ცერემონიალზე მონაწილეობა თსუ-ს რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ მიიღო. მისი თქმით, ლეშეკ ბალცეროვიჩი დიდი ხანია, საქართველოს მეგობარია და ხშირად ეხმარებოდა ჩვენს ქვეყანას ეკონომიკურ საკითხებში.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, ჩვენი აკადემიური საზოგადოებისთვის, რადგან ლეშეკ ბალცეროვიჩი არ არის მხოლოდ პროფესორი. არის ის ადამიანი, რომელმაც შექმნა თანამედროვე განვითარებული და ძალიან წარმატებული ეკონომიკა პოლონეთში და წლების განმავლობაში ეხმარებოდა საქართველოს თავისი რჩევა-დარიგებით. ის არის ადამიანი, რომელმაც შეცვალა ძალიან ბევრი რამ პოსტსოციალისტურ სივრცეში. ამდენად, ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ მას მიენიჭა ეს ხარისხი. და გავაგრძელებთ მეგობრობას“ , – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელიც დაესწრო. მან მიულოცა პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩს საპატიო დოქტორის წოდება და მის დამსახურებასა და მიღწევებზე ისაუბრა.

„განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია პროფესორ ბალცეროვიჩის რეფორმები, რომელიც მისი გეგმის სახელწოდებითაა ცნობილი. მას ჰქონდა მნიშვნელოვანი ეფექტი პოსტკომუნისტურ სივრცეში, მათ შორის, მას აქვს წვლილი საქართველოს საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლაში. მსურს, ხაზი გავუსვა პროფესორ ბალცეროვიჩის მიღწევების მნიშვნელობას. ვულოცავ მას ამ პრესტიჟულ წოდებას და წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

პოლონეთის „სამოქალაქო განვითარების ფორუმის“ საბჭოს თავმჯდომარე ლეშეკ ბალცეროვიჩი ე.წ. „შოკური თერაპიის“ ავტორი, ვარშავის ეკონომიკის სკოლის პროფესორი და მსოფლიოს 20-ზე მეტი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია. 2001-2007 წლებში ის პოლონეთის ეროვნული ბანკის თავმჯდომარე იყო. ასევე, ორჯერ ეკავა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილის პოსტი. 2000 წელს ბალცეროვიჩი საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ეკონომიკური მრჩეველი იყო.

ლეშეკ ბალცეროვიჩი გუშინ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ სტუმარი იყო.