ლერი ხაბელოვი 60 წლისაა - რუსთაველის თეატრში საიუბილეო საღამო გაიმართა #1TVSPORT
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი 60 წლის გახდა – ოლიმპიური ჩემპიონის, მსოფლიოს ხუთგზისა და ევროპის ოთხგზის ჩემპიონის, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ქართველი მოჭიდავის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში საზეიმო საღამო გაიმართა.
დარბაზში შეკრებილმა საზოგადოებამ იხილა გოგი თორაძის გადაღებული ბიოგრაფიული ფილმი ლერი ხაბელოვზე, სადაც ბევრი უცნობი დეტალი გახდა ცნობილი. მაგალითად, ბევრისთვის უცნობია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მოჭიდავე ბავშვობაში მუსიკაზე დადიოდა და კლარნეტზე უკრავდა.
საღამო, რომელსაც გამოჩენილი სპორტსმენები, ცნობილი სახეები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.
ხაბელოვი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს შორის მსოფლიოს ხუთგზის (1985, 1987, 1990, 1991, 1993) და ევროპის ოთხგზის (1985, 1987, 1988, 1992) ჩემპიონია. 1988 წელს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი გახდა, 1992 წელს კი – ოლიმპიური ჩემპიონი.
ლერი ხაბელოვი იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, 1998–2004 წლებში – სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე, 2004-2008 წლებში ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი. 2012 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად.
ქართული სპორტის ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდა არის ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენისა და ღირსების ორდენის კავალერი.