ლეონარდოს თქმით, „პარი სენ-ჟერმენი“ მესის გაფორმებას შეეცდება
ლეონარდოს თქმით, „პარი სენ-ჟერმენი“ მესის გაფორმებას შეეცდება

„პარი სენ-ჟერმენში“ მაურისიო პოჩეტინოს დანიშვნის შემდგომ, გუნდის მენეჯმენტი აქტიურად ცდილობს შემადგენლობის გაძლიერებას. პარიზული კლუბის სპორტული დირექტორის, ლეონარდოს განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მესი ხელმისაწვდომი იქნება, პსჟ მის გადაბირებას შეეცდება.

არგენტინელი ფეხბურთელის კონტრაქტი, სეზონის ბოლოს იწურება და თუ გავითვალისწინებთ „ბარსელონაში“ მიმდინარე მოვლენებს, დიდია ალბათობა იმის, რომ მან კატალონიური კლუბი დატოვოს. მესი წინა ზაფხულსაც ახლოს იყო გუნდის შეცვლასთან.

„დიდებული ფეხბურთელები, როგორიც არის მესი აუცილებლად იქნებიან პსჟ-ს ყურადღების ცენტრში, მაგრამ ამ ეტაპზე ამის შესახებ ოცნების დრო არ არის. ჩვენ ამ საკითხს ყურადღებით განვიხილავთ“, – აღნიშნა ლეონარდომ France Football-თან ინტერვიუში.

„ბარსელონა“ მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე კიდევ მუშაობს, მაგრამ, ჯერჯერობით, უშედეგოდ. ფეხბურთელის შეძენით კიდევ არაერთი კლუბია დაინტერესებული, მაგალითად, ყველაზე ახლოს ამასთან „მანჩესტერ სიტია“, რომელიც ზაფხულში მესის შეძენის მთავარი კანდიდატი იყო.

კატალონიურ კლუბში არც თუ ისე კარგი სიტუაციაა. გუნდი ფინანსურ კრიზისშია, ლა ლიგაში მე-3 ადგილზე იმყოფება და პირველადგილოსან „ატლეტიკოს“ 7 ქულით ჩამორჩება, თან მადრიდელებს 2 თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. სუპერთასზე კი „ბარსა“ „ბილბაოსთან“ დამარცხდა, სადაც მესიმ საკლუბო კარიერაში პირველი წითელი ბარათი მიიღო.

რაც შეეხება „პარი სენ-ჟერმენს“, პოჩეტინოს დიდი გეგმები აქვს. არგენტინელი სპეციალისტის მისვლის შემდგომ გუნდმა უკვე პირველი თასი მოიპოვა (საფრანგეთის სუპერთასი). ლიგა 1-ში კი 20 ტურის შემდეგ, პირველ ადგილს, 42 ქულით „ლილთან“ ერთად იყოფენ.