ლეონარდო და ვინჩის ნამუშევრების ციფრული რეპროდუქცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში - ფოტოამბავი
ლეონარდო და ვინჩის ნამუშევრების ციფრული რეპროდუქცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში - ფოტოამბავი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი უერთდება ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ციკლს და წარმოგიდგენთ მულტიმედიურ საგანმანათლებლო პროექტს „ლეონარდო – Opera Omnia”. დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა, ლეონარდო და ვინჩის ფერწერული ნამუშევრების ციფრული რეპროდუქციები დაათვალიეროს.

ეროვნულ მუზეუმში გამოფენა დღეს გაიხსნა. დამთვალიერებელი მაღალი რეზოლუციის 17 ციფრული რეპროდუქციის ნახვას 29 მარტის ჩათვლით შეძლებს.

იტალიის საზღვრებს გარეთ მულტიმედიურ გამოფენას დამთვალიერებელი პირველად სწორედ თბილისში იხილავს, შემდეგ კი სხვა ქვეყნებში განაგრძნობს მოგზაურობას.

ლეონარდო და ვინჩის გამოფენა „რაი ქომის“ (Rai.Com)-ის პროექტია და წარმოადგენს კარავაჯოს მულტიმედიური ექსპოზიციის ანალოგს. კარავაჯოს ნამუშევრების ციფრული რეპროდუქცია თბილისში 2017 წელს იყო გამოფენილი. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით შექმნილი პროექტი „ოპერა ომნია“ (Opera Omnia) ანუ „წარმოუდგენელი გამოფენა“ ხელოვნებასა და ტექნოლოგიებს, წარსულსა და მომავალს ერთმანეთთან აკავშირებს.

გამოფენების ციკლი ორი ქვეყნის სხვადასხვა ინსტიტუციას შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია: იტალიის მხრიდან საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, საქართველოს მხრიდან კი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია და ეროვნული მუზეუმი.

დატოვე კომენტარი