ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლისთავის აღსანიშნავად თბილისი გამოფენას უმასპინძლებს
ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლისთავის აღსანიშნავად თბილისი გამოფენას უმასპინძლებს

ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლისთავის აღსანიშნავად, 27 თებერვლიდან 29 მარტის ჩათვლით, თბილისი უმასპინძლებს გამოფენას „ლეონარდო. ოპერა ომნია.”

გამოფენაზე, რომელიც სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიმართება, წარმოდგენილია ლეონარდო და ვინჩის 17 ფერწერული ნამუშევრის რეალური ზომებისა და მაღალი რეზოლუციის მქონე ციფრული რეპროდუქციები.

„ახლოდან ნანახი ლეონარდო და ერთად თავმოყრილი მისი ყველა ფერწერული ნამუშევარი – მისი შემოქმედებით აღფრთოვანებისა და შესწავლის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, რომელიც განსაკუთრებით ახალგაზრებისთვის იქნება საინტერესო”, – განაცხადა საქართველოში იტალიის ელჩმა ანტონიო ბარტოლიმ.

ღონისძიება, რომლის კოორდინატორია საქართველოში იტალიის საელჩო,  ორი ქვეყნის სხვადასხვა ინსტიტუციას შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. ეს ინსტიტუციებია: იტალიის მხრიდან – საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, საქართველოს მხრიდან კი – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეროვნული მუზეუმი და ქალაქ თბილისის მერია.

15 აპრილს, ლეონარდო და ვინჩის დაბადების დღეს, იტალიის საელჩო დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სემინარს, რომელიც წარმოადგენს იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციის (COTEC) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობის შედეგს და შეეხება ინოვაციებისა და იდეიდან წარმოებაზე გადასვლის თემას. შემოდგომაზე კი, თბილისში გაიმართება ,,სქაის” (Sky) მიერ შექმნილი ახალი ბიოგრაფიული ფილმის “მე, ლეონარდო” პრემიერა.