„ბაიერნის“ ცენტრალური ნახევარმცველი ლეონ გორეტცკა, დიდი ალბათობით, დატოვებს მიუნხენურ კლუბს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს.
გერმანელი ჟურნალისტის, ფლორიან პლატენბერგის ინფორმაციით, „ბაიერნის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვენსან კომპანიმ პირველ გუნდს ჩამოაშორა ფეხბურთელი გერმანიის თასის პირველი ეტაპის მატჩის წინ. არადა, გორეტცკას ტრავმა არ აწუხებს.
ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ გორეტცკა აღარ შედის კომპანის გეგმებში. ბელგიელი სპეციალისტი ვერ ხედავს მას პირველ გუნდში და უნდა, რომ კლუბმა გაყიდოს.
გორეტცკა 2018 წლის ზაფხულში გადავიდა „შალკედან“ „ბაიერნში“. გასულ სეზონში 29 წლის ნახევარმცველმა ბუნდესლიგაში 30 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა. სულ მიუნხენურ კლუბში მას 221 მატჩი, 40 გოლი და 46 საგოლე პასი დაუგროვდა.