„ლელოს“ წევრი თაზო დათუნაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატმა მოინახულა
„ლელოს“ წევრი თაზო დათუნაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატმა მოინახულა

„ქართული ოცნების“ ოფისთან გუშინდელ აქციაზე დაკავებული „ლელოს“ წევრი თაზო დათუნაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატმა მოინახულა.

ადვოკატ თორნიკე ართქმელაძის განცხადებით, თაზო დათუნაშვილი უკანონოდ დააკავეს და დაკავების დროს პოლიციამ უფლებამოსილებას გადაამეტა. მისივე თქმით, არ არსებობს სამართლებრივი დასაბუთება, თუ რატომ უნდა იმყოფება მისი დაცვის ქვეშ მყოფი მეორე დღეა წინასწარი დაკავების იზოლატორში.

თორნიკე ართქმელაძის თქმით, სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია პოლიციელის უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. უფლებადამცველის განცხადებით, თაზო დათუნაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

„მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები თაზო დათუნაშვილთან დაკავშირებით. ძალის გადამეტებით მოხდა მისი დაკავება, რასთან დაკავშირებითაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მისი დაკავება არის სრულიად უკანონო და სამართლებრივი დასაბუთება არ გააჩნია, თუ რატომ უნდა გაატაროს მეორე ღამე წინასწარი დაკავების იზოლატორში. ეს არის მცდელობა, დააშინონ და ზეწოლა მოახდინონ“, – განაცხადა ადვოკატმა, თორნიკე ართქმელაძემ.

იზოლატორთან ასევე იმყოფებოდა „ლელოს“ წევრი საბა ბუაძე. მისი შეფასებით, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ადამიანს დააკავებენ და შეუქმნიან დისკომფორტს აქციის მონაწილეებს, პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილი არ დატოვებს თანამდებობას.

„აქამდე სასამართლო პროცესი არ ყოფილა. შსს ცდილობს, დისკომფორტი შეუქმნას იმ ძალიან მწვავე პროტესტს, რომელიც ქვეყანაში არსებობს ხელისუფლების ამ ძალადობრივი მოქმედებების შედეგად, მაგრამ ეს ვერავის შეაშინებს. რამდენი ადამიანიც არ უნდა დაიჭირონ და შეუქმნან დისკომფორტი, ეს პროტესტი არსად წავა, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილი არ წავა სახლში“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

დღესვე, წინასწარი დაკავების იზოლატორში თაზო დათუნაშვილთან იმყოფებოდა სახელწიფო ინსპექტორის გამომძიებელიც.

თაზო დათუნაშვილი გუშინ „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე დააკავეს.