„ლელოს“ ოფისში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა
„ლელოს“ ოფისში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, შეიმუშავეს წინადადებები, რასაც მმართველ გუნდს ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე შესთავაზებენ.

დეპუტატ სალომე სამადაშვილის განმარტებით, საფუძვლიანად იცვლება საარჩევნო ადმინსტრაციის ფორმირების წესი.

„ჩვენ ვიმსჯელეთ ბევრ სხვადასხვა ასპექტზე, რაც შეეხება შემდეგი არჩევნების ორგანიზებას, როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები. ტექნიკური თვალსაზრისითაც მოვისმინეთ საინტერესო იდეები, რომელიც გვსურს გავაცნოთ და ნაწილობრივ უკვე გავაცანით საერთაშორისო პარტნიორებს.

დოკუმენტით, რაც არის ჩანაწერში, სრულიად და საფუძვლიანად იცვლება ადმინსტრაციის ფორმირების წესი, რაც ნიშნავს იმას, რომ რეალურად გვიჩნდება შანსი, ქვეყანაში არჩევნების შედეგების შეფასებაში ოპოზიციას გვონდეს საკუთარი პარიტეტული წარმომადგენლობა. ეს უფლებები არის უკიდურესად მნიშვნელივანი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საარჩევნო გარემოს შესაცვლელად, ბევრ კომპლექსურ ცვლილებაზე შეჯერდნენ.

„ძალიან მიხარია, რომ როგორც იქნა სამუშაო პროცესში გადავედით. მქონდა ძალიან ეფექტიანი შეხვედრები, სადაც შევჯერდით ბევრ კომპლექსურ ცვლილებაზე, რომელსაც ითვალისწინებს შარ მიშელის დოკუმენტი და რეკომენდაციები. მომზადებული მივდივართ ხვალ და იმედი გვაქვს, რომ საზოგადოების მხარდაჭერაც გვექნება, რათა მართლა შევცვალოთ საარჩევნო გარემო, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, მეტი ნდობა გვქონდეს“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

„გირჩის“ წარმომადგენელმა, იმედა კლდიაშვილმა კი ბიულეტენის ახალ ვერსიასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ჩვენ დავიწყეთ მუშაობა საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, გვინდა, შემოგთავაზოთ მარტივი ბიულეტენის ახალი ვერსია, ისეთი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, რომელიც შეგხვდებათ ნებისმიერ საყოფაცხოვრებო ობიექტში, მაგალითად, როგორიც არის ბაღი ან კინოთეატრი. ბიულეტენს ჩვენ მივეცით გარმონის ფორმა, მას აქვს თავი და ბოლო. ეს იმიტომ, რომ ვინმემ ბიულეტენი არ გახიოს შუაში და ერთი ნაწილი ჩადოს კონვერტში, ნაწილი გაიტანოს, ამის შემდეგ მეორე ნაწილი კვლავ შემოიტანოს, სრული ბიულეტენი კი გარეთ გაიტანოს. ეს საჭიროა, რათა პროცესი საიმედო იყოს“, – განაცხადა იმედა კლდიაშვილმა.