„ლელოს“ ლიდერებმა ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს
„ლელოს“ ლიდერებმა ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს

„ლელოს“ ლიდერებმა – მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ, ანა ნაცვლიშვილმა და გიორგი სიორიძემ ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს.

ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია ამზადებენ ერთობლივ მოსაზრებას „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტას გულისხმობს.

„ლელოს“ ლიდერებმა საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებს კანონპროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. მათი შეფასებით, აღნიშნული პროექტი არაკონსტიტუციურია.

მათი თქმით, საქართველოს კონსტიტუცია და შესაბამისი კანონები პარტიის დაფინანსების საკითხს არ უკავშირებს პარტიის საპარლამენტო წარმომადგენლობას და საქმიანობას, ხოლო ინიცირებული კანონპროექტი ამ პრინციპს ეწინააღმდეგება.

„ლელოს“ ლიდერებმა ასევე განმარტეს, რომ კანონპროექტს აქვს ცალსახად სადამსჯელო ხასიათი და მიზნად ისახავს ბოიკოტში მყოფ ოპონენტებზე ზეწოლის განხორციელებას, რაც აბსოლუტურად შეუსაბამოა, როგორც პოლიტიკური პლურალიზმის, ასევე სამართლის უზენაესობის პრინციპებთან.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს 2020 წლის არჩევნები და ის დარღვევები, რომელიც დაფიქსირდა საარჩევნო ოლქებში.

„ეს შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული. საუბარი შეეხებოდა საარჩევნო პერიოდს, დარღვევებს, რომელიც გარკვეულწილად მტკიცდება და აგრეთვე იმ საერთო სურათს, რომელიც შექმნა „ქართულმა ოცნებამ“. ხელისუფლების და მმართველი გუნდის მოქმედებები შეუძლებელს ხდის მყარი მტკიცებულებებით დადასტურდეს უშუალოდ არჩევნების პროცესის გაყალბება. ჩვენ მოვიყვანეთ არგუმენტები და დავასაბუთეთ თუ, რატომ არის ჩვენი პოლიტიკური ბოიკოტი ლეგიტიმური, გამართლებული და მეორე მხრივ, რატომ არის ეს პარლამენტი არალეგიტიმური“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა ანა ნაცვლიშვილმაც, მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ქმედება არის პოლიტიკური დასჯისა და შანტაჟის მექანიზმი.

„საქართველოს პარლამენტმა გააგზავნა ცვლილებათა პაკეტ „საქართველოს ორგანულ კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, რომელიც შეეხება საქართველოს პარლამენტში შესატან ცვლილებებს, პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებასა და მის შეწყვეტას, პოლიტიკური ბოიკოტის შემთვევაში. ორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჩვენგან მოისმინეს პოლიტიკური და სამართლებრივი არგუმენტები, თუ რატომ არის საზიანო ჩვენი დემოკრატიისთვის „ქართული ოცნების“ ქმედება. ასევე, მათ მოისმინეს პოლიტიკური არგუმენტები, რატომაა საზიანო „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური დასჯისა და შანტაჟის მექანიზმის ლეგიტიმაცია“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.