„ლელოს“ ლიდერებმა ბრიუსელში ოფიციალური შეხვედრები დაიწყეს
„ლელოს“ ლიდერებმა ბრიუსელში ოფიციალური შეხვედრები დაიწყეს

„ლელოს“ ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და გრიგოლ გეგელიამ ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტი დაიწყეს.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, პირველი შეხვედრა ევროპარლამენტარ სვენ მიკსერთან გაიმართა. ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის წევრთან „ლელოს“ ლიდერებმა დეტალურად ისაუბრეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, შარლ მიშელის ხუთპუნქტიან გეგმაზე და მისი აღსრულების მონიტორინგზე. მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და გრიგოლ გეგელიამ ევროპელ კოლეგებს პარტიის სტრატეგიული ხედვებიც გააცნეს, რომელიც საქართველოს განვითარების გეგმებს ეხება. დღესვე გაიმართა შეხვედრა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსთან და სხვა დეპუტატებთან.

„გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა. ორი მიმართულებით ვისაუბრეთ. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომზადება რაც შეიძლება სწრაფად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. საქართველოს სჭირდება მაპი ევროკავშირში შესასვლელად და საკმაოდ საინტერესო წინადადებებია ამასთან დაკავშირებით. მხოლოდ განცხადება, რომ ჩვენ 2024-ში ევროკავშირში შესვლა გვინდა, ეს არაფერს არ ნიშნავს, თუ დღესვე არ დავიწყეთ საკმაოდ სწრაფი მოქმედება და რეალური ნაბიჯები არ გადავდგით. მეორე საკითხი იყო ის შეთანხმება, რომელიც პრეზიდენტ მიშელის პატრონაჟით შეიქმნა და შედგა, თუმცა თქვენ იცით, რომ მელიას საკითხი არის უმთავრესი რადგან ეს კრიზისი არ გაიწელოს. ეჭვს გამოვთქვამ, კრიზისი თუ გაიწელა და არ შედგა სწრაფი შეთანხმება ან იგივე კანონის მიღება გაიწელა დროში, ჩვენ ვერ გადავალთ იმ ძირითადი პუნქტების შესრულებაზე რომელიც ხელშეკრულებაში გვაქვს აღებული მხარეებს. ამიტომ აქაც ძალიან საინტერესო წინადადება ჩამოყალიბდა. უახლოეს ერთ დღეში ჩვენ, „ლელოს“ გვექნება კონკრეტული ხედვა ამასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებთან ერთად და შეიძლება ეს იყოს ღირსეული გამოსავალი ყველა მხარისათვის. უნდა გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე და დავიწყოთ იმ კანონმდებლობების შექმნა რომელიც ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, მათ ისაუბრეს საკითხზე, რომ ძალიან სწრაფად უნდა გადაწყდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი.

„გვქონდა შეხვედრა ბატონ სვენ მიკსერთან, ევროპარლამენტის წევრთან, რომელიც არის მთავარი მომხსენებელი საქართველოზე. ყოველთვიურად ის ამზადებს საქართველოზე ანგარიშს. ის არის ძალიან ინფორმირებული მიმდინარე პროცესებზე ჩვენს ქვეყანაში. ძალიან დიდ მხარდაჭერას უცხადებს იმ შეთანხმებას რომელიც ცნობილია როგორც შარლ მიშელის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ. აუცილებელია ამ დოკუმენტის განხორციელების პროცესში ჩართული იყვნენ ევროპარლამენტის წევრები იმისათვის, რომ სრულად განხორციელდეს ყველა ის პუნქტი და რეფორმა, რომელიც გათვალისწინებულია ამ დოკუმენტით. ვისაუბრეთ, რომ ძალიან სწრაფად უნდა გადაწყდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი. რაც შეიძლება მალე უნდა მოიძებნოს მექანიზმი, რომელიც იქნება მისაღები. ამნისტიის კანონზეც გვქონდა საუბარი, რომელიც არის საბოლოო ჯამში ამ პრობლემის გადაჭრის მექანიზმი, მაგრამ ახლა დაუყოვნებლივ განთავისუფლების მექანიზმი და აქ შეიძლება ევროპარლამენტმა თავისი როლი ითამაშოს რომელიც გადაწყვეტს ამ პრობლემას და მელია განთავისუფლდება უახლოეს პერიოდში.

ასევე ვისაუბრეთ, ადგილობრივ არჩევნებზე რომელიც დანიშნულია ოქტომბერში. რომელიც იქნება არა რიგითი ადილობრივი არჩევნები არამედ ახალი კანონმდებლობის საფუძველზე, ახალი ადმინისტრაციის პირობებში და რაც მთავარია, ამ არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ბედი. ამიტომ ეს არ არის რიგითი ადგილობრივი არჩევნები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის. აუცილებელი იქნება, შემოდგომას იყვნენ 10-ჯერ მეტი დამკვირვებლები ვიდრე ვნახეთ შარშან, საპარლამენტო არჩევნებზე, რაც იყო ერთ-ერთი ფაქტორი ამდენი დარღვევის და გაყალბების .

ყველა ამ თემაზე გვქონდა ძალიან კარგი და შინაარსიანი საუბარი. შევთანხმდით, რომ პრაქტიკულად იქნება მუდმივი მონიტორინგი მისი მხრიდან ამ პროცესის. ქვეყნისთვის ეს არის შანსი, ამას აღიარებენ ევროპარლამენტარები. მათ აქვთ სრული მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ.მიმაჩნია, რომ ახლა არის ის მომენტი როდესაც ჩვენ უნდა გადავჭრათ ის საკითხები რომელიც აუცილებელია ნდობის აღსადგენად პოლიტიკურ ძალებს შორის და დავიწყოთ ყველა იმ რეფორმის განხორციელება, რომელიც აღნიშნულია შარლ მიშელის დოკუმენტში“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.