ლელო სარასენსი 23-10 აია | დიდი ათის მეხუთე ტურის შეჯამება
ლელო სარასენსი 23-10 აია | დიდი ათის მეხუთე ტურის შეჯამება

„დიდი 10“-ის 2018/19 წლების სეზონის მეხუთე ტური დასრულდა. ტურის პირველ დღეს „ლელო სარასენსმა“ ქუთაისის „აიას“ უმასპინძლა და საშინაო კედლებში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. დაპირისპირების პირველ თხუთმეტ წუთში „ლელომ“ ერთი, ხოლო „აიამ“ კი ორი ჯარიმა გაიტანა და წინ გავიდა. მე-16 წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა, რომელიც მგეზავის პოზიციაზე თამაშობდა, თამაშის პირველი ლელო დადო, თავადვე გარდასახა და მასპინძლები დააწინაურა.

ტაიმის მიწურულს ქუთაისელები გააქტიურდნენ და მაყურებელს შედეგიანი იერიში შესთავაზეს. ლელო თორნიკე მანაგაძემ დადო და „აიამ“ პირველი ტაიმი სამ ქულიანი უპირატესობით – 10:13 მოიგო.

მეორე ნახევარში „ლელო სარასენსი“ დომინირებდა და მეტოქეს ქულის მოპოვების საშუალება აღარ მისცა. კვირიკაშვილმა ანგარიში საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა, რასაც მალევე აკაკი ტაბუცაძის ლელო მოჰყვა. 61-ე წუთზე მასპინძლების მგეზავმა კიდევ ერთი საჯარიმო შეასრულა ზუსტად და საბოლოო ანგარიში 23-13 დააფიქსირა. საგულისხმოა, რომ კვირიკაშვილმა შეხვედრაში 18 ქულა მოიპოვა.

ხუთი ტურის შემდეგ „ლელო სარასენსს“ 16 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეხუთე ადგილს იკავებს. ქუთაისის „აია“ 14 ქულით მეექვსე ადგილზეა.

საინტერესო გამოდგა „ბათუმის“ და გორის „ჯიქის“ დაპირისპირება. გორელებმა სეზონი ცუდად დაიწყეს და ამ შეხვედრამდე მათ ანგარიშზე სამი მარცხი და ერთი გამარჯვება იყო. თამაშის პირველ ნახევარში ერთადერთი ლელო მასპინძლებმა დადეს. ტაიმის ბოლო წუთზე  თავი ანზორ სიჭინავამ გამოიჩინა და ბათუმელებს შვიდ ქულიანი უპირატესობა მოუტანა.

მეორე ტაიმის პირველ ათ წუთში ბათუმელებმა ორი ლელო შემოგვთავაზეს. 42-ე წუთზე ხუთი ქულა საკუთარ გუნდს დურმიშხან ჯაბნიძემ მოუტანა, ხოლო ტაიმის დაწყებიდან ათ წუთში კი სიჭინავამ გაიფორმა დუბლი – 24-3.

21 ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ, გორის „ჯიქი“ გამოფხიზლდა და თამაშის ბოლო ნახევარი საათი მათი კარნახით წარიმართა. ჩამორჩენიდან 17 ქულა სტუმრებმა სანდრო ფურცხვანიძის და რატი ხუციშვილის ლელოებით აღმოფხვრეს, თუმცა „ბათუმმა“ ბოლო წუთებზე თავი კარგად დაიცვა და გამარჯვება მოიპოვა.

ბათუმელებს ხუთი შეხვედრის შემდეგ 19 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან. გორის „ჯიქი“ კი ერთი გამარჯვებითა და ოთხი მარცხით მეშვიდე ადგილს იკავებს.

ტურის დარჩენილი შეხვედრები ასე დასრულდა –

„არმაზი“ 55-15 „პატარძლეული“

„ხარები“ 13-7 „ლოკომოტივი“

„აკადემია“ 28 – 12 „არმია“

ხუთი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება –