„ლელო საქართველოსთვის“ შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს
„ლელო საქართველოსთვის“ შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა, კახა კოჟორიძემ და გრიგოლ გეგელიამ საგანგებო ბრიფინგი გამართეს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

პარტიის ლიდერების განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე იწურება ყოველგვარი გონივრული ვადები დაგროვილ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხების მოსასმენად.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ლელო საქართველოსთვის“ მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს საზოგადოების მოთმინების უნარის გამოცდა და დაუყონებლივ მოჰფინოს ნათელი შაქარაშვილის საქმეს. ამასთან, პარტია კატეგორიულად მოითხოვს, რომ დაუყონებლივ დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

„შაქარაშვილის საქმეში იკვეთება არასწორად წარმართული გამოძიების აშკარა ნიშნები, რაც არ შეიძლება მიეწეროს მხოლოდ საგამოძიებო ორგანოებში კომპეტენციის ნაკლებობას, თუ პროფესიულ შეცდომებს. სახელმწიფო ორგანოების მხრიდან სულ უფრო და უფრო ნათლად იკვეთება სიმართლის გაყალბებისა და დამალვის ხელშეწყობა. ჩვენი პარტია არ შეეგუება, რომ სახელმწიფოში დაბრუნდეს კრიმინალური მენტალიტეტი და დაუსჯელობის სინდრომი. ჩვენ არ შევეგუებით „ქართული ოცნების“ გამუდმებულ მცდელობებს, შერჩევითად აღასრულონ სამართალი, ჩაფარცხონ საქმეები და ხელი დააფარონ დამნაშავეებს. ამასთან, გიორგი შაქარაშვილის საქმე არ არის ბოლო პერიოდის ერთადერთი გახმაურებული საქმე, სადაც იკვეთება სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემების კოლაფსი, რაც კიდევ უფრო ახალისებს დაუსჯელობის განცდას დამნაშავეებში, ხოლო დაუცველობისა და შიშის შეგრძნებას – საზოგადოებაში,“ – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ასევე, გეგელიამ საქმეში დეპუტატის შვილის ფიგურირების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.

„ორიოდე დღის წინ ჩვენ გავხდით შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტობრივი აღიარების მომსწრენი, რომ დეპუტატ კობალაძის ვაჟი მხოლოდ მას მერე დააკავეს, როდესაც მედიაში, ზეწოლის მიუხედავად, გავიდა ინფორმაცია მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის შესახებ, რომელშიც, სავარაუდოდ, სწორედ დეპუტატის ვაჟი ფიგურირებს. ამ და სხვა საქმეების ანალიზი აჩვენებს, რომ ხელისუფლების მცდელობები, პოლიტიკურად აღასრულოს მართლმსაჯულება და ხელი დააფაროს დამნაშავეებს, სისტემატურ ხასიათს ატარებს,“- განაცხადა გეგელიამ.

ამასთან, „ლელოს“ ლიდერის, კახა კოჟორიძის თქმით, ყველა ჩვენგანის სიცოცხლე და უფლებები დგას საფრთხის წინაშე, მანამ, სანამ ეს სისტემა იქნება, რადგან ხელისუფლების წევრები თავს ანგარიშვალდებულად არ თვლიან საზოგადოების წინაშე.

„ბოლო რამდენიმე კვირაა, საზოგადოება სამართალდამცავი სისტემის სრულ კრახს უყურებს. ისინი ვერ იძიებენ საქმეს, რადგან ეს სისტემა ხელს აფარებს დამნაშავეებს და არის პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელი. „ლელო“ არ შეეგუება იმას, რაც დღეს ხდება სამართალდამცავ სისტემაში. ჩვენი მიზანია, არა ზედაპირული ცვლილებები, არამედ ამ სისტემის სრული ტრანსფორმაცია. საზოგადოებას აქვს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა და დღემდე არცერთ თანამდებობის პირს კითხვაზე პასუხის გაცემა არც კი უცდია,“- განაცხადა კახა კოჟორიძემ.

დატოვე კომენტარი