„ლელო საქართველოსთვის“ ქალთა საბჭოს ორგანიზებით, მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართა
„ლელო საქართველოსთვის“ ქალთა საბჭოს ორგანიზებით, მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართა

მთავრობის კანცელარიასთან პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ქალთა საბჭოს ინიციატივით, სოლიდარობის აქცია სახელწოდებით „შვილების გადასარჩენად“ გაიმართა.

აქციის მონაწილეები ქვეყანაში შექმნილ კრიმინოგელურ მდგომარეობას აპროტესტებენ. ისინი ხელისუფლებისგან ყველა დანაშაულის დროულად და ობიექტურად გამოძიებას, ასევე ძალადობის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და პრევენციული ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ.

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ, ვახტანგ გომელაურისა და ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადადგომას.

„დღეს აქ ჩვენი შვილები სიცოცხლის დასაცავად მოვედით. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება, რომელმაც არავითარი რეფორმა და ცვლილება არ გაატარა რვა წლის განმავლობაში, დატოვა ძველი ჩაჭაობებული სამართალდამცავი სისტემა, სასამართლო და თავის პოლიტიკურ ნებას დაუქვემდებარა. ის უკვე ჩვენი შვილებისა და ჩვენი მომავალი თაობის უქმნის საფრთხეს. ჩვენ ამ ჭაობს არ შევეგუებით. არ შევეგუებით იმ შავ ხვრელს, რომელიც ხელისუფლებამ გააჩინა, რომელიც ჩვენი შვილები და მათი თაობის სიცოცხლით აპირებს, რომ გამოიკვებოს. ეს სისტემა უნდა დასრულდეს. საქართველოში უნდა მოხდეს ფუნდამენტური ცვლილება სამართალდამცავი სისტემის და ეს ფუნდამენტური ცვლილება ვერ მოხდება პოლიტიკური ცვლილებების გარეშე. ყალბია „ქართული ოცნების“ ნარატივი, რომელიც საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ნუ ახდენს თემის პოლიტიზებას. არ ვიცი რა არის უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური თემა, ვიდრე ის, რომ სახელმწიფო დღეს არ მუშაობს სიცოცხლის დასაცავად და მუშაობს სიმართლის ჩასაფარცხად.

ჩვენ მოვითხოვთ გომელაურის და დითახის გადადგომას, რადგან ეს ორი ადამიანი არის პასუხისმგებელი იმ სისტემებზე, რომელთა მუშაობის ჩაფლავების გამო დღეს ადამიანები იხოცებიან.

რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ მხოლოდ გომელაური და შოთაძე იღებენ გადაწყვეტილებას, მაგრამ უნდა შეიქმნას პრეცედენტი, როდესაც ჩაფლავებული საქმის გამო ადამიანები სახლში მიდიან. თუ გამოიკვეთება მათი მხრიდან მაგალითად სამსახურებრივი გულგრილობა, ასევე მიდიან ციხეში“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.