„ლელო“ - „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტი
„ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტი, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ განცხადებაშია აღნიშნული.
საპარლამენტო ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის მიერ შეთანხმების დარღვევა და სასამართლო რეფორმისთვის დაბრკოლების შექმნა მიუღებელია და წარმოადგენს საქართველოში დემოკრატიული პროცესისათვის უკიდურესად საშიშ ნაბიჯს.
„მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, რომლითაც მან არ შეაჩერა იუსტიციის საბჭოში მოსამართლე წევრების არჩევა და არ შეაჩერა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი, წარმოადგენს სასამართლო სისტემაში საჭირო ცვლილებებისა და რეფორმების წინააღმდეგ გამოცხადებულ ბრძოლას. ამით მმართველმა პარტიამ დაარღვია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება. ეს არის პირდაპირი და უხეში უგულვებელყოფა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მედიაციით მიღწეული შეთანხმების, რაც თავად აშშ-ს და ევროკავშირის წარმომადგენლობების მიერ გავრცელებულ განცხადებებშიც პირდაპირ და ნათლად იკითხება.
ამ პერიოდის განმავლობაში, შეთანხმების ხელმოწერიდან მალევე, „ლელომ“:
დააინიცირა კანონპროექტი, რომელიც უზრუნველყოფდა საბჭოში მოსამართლე წევრების არჩევის და უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევის შეჩრებას და ამავე დროს ინსტიტუტების უწყვეტ ფუნქციონირებას რეფორმების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვითხოვდით კანონპროექტის დაჩქარებულ განხილვას, პარლამენტმა გადაავადა კანონპროექტის განხილვის დაწყებაც კი;
ჩვენი მოთხოვნით, შეიქმნა სასამართლო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფი პარლამენტში, თუმცა მმართველმა პარტიამ ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიწვია;
მოამზადა სასამართლო რეფორმის ხედვა და კანონპროექტი, რომელიც წარმოადგენს შეთანხმების ზედმიწევნით შესრულების საკანონმდებლო საფუძველს, რომელიც გავუზიარეთ ყველა პოლიტიკურ ძალას სამუშაო ჯგუფში, თუმცა სამუშაო ჯგუფი აღარ იკრიბება.
19 აპრილის შეთანხმების საპირისპიროდ, ხელისუფლება: აჭიანურებს სასამართლო რეფორმის დაწყებას; არაფერი გააკეთა იუსტიციის მოსამართლე წევრების არჩევის შესაჩერებლად; გადაავადა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა, რომელსაც არამხოლოდ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის ხმებიც სჭირდება; აირჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, რომლის შეჩერების ვალდებულებაც აიღო 19 აპრილის შეთანხმებით.
მმართველი პარტიის ეს ნაბიჯები აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურთ დაიძრას ის პროცესები, სადაც ოპოზიციის ჩართულობა სავალდებულოა და გავლენას მოახდენს შედეგზე, ხოლო ამის საპირისპიროდ – შეთანხმების დარღვევით – იწყებენ პროცესს, სადაც გადაწყვეტილების მისაღებად სრულიად საკმარისია ხმათა უბრალო უმრავლესობა, რომელიც მმართველი პარტიის ხელშია.
კიდევ ერთხელ მივმართავთ მმართველ პარტიას და მოვუწოდებთ:
დაუყოვნებლივ მოიწვიოს სასამართლო რეფორმის ჯგუფი, რომელსაც ჩვენი მხრიდან უკვე წარდგენილი აქვს რიგი სარეფორმო წინადადებები და ინკლუზიურ ფორმატში დავიწყოთ რეფორმაზე მუშაობა
სამუშაო ჯგუფის ფორმატში დაიგეგმოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების კონკურსის გამოცხადების და შერჩევის პროცესი და ყოველგვარი გაჭიანურების გარეშე, ავირჩიოთ საბჭოს ხუთი ახალი წევრი“, – აცხადებენ „ლელოში“.